ძიუდო

15:04 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

3 მედალი პირველ დღეს

ჩინურ გუანჟოუში დღეს დაწყებულმა მასტერსმა ქართულ დელეგაციას 3 მედალი მოუტანა: ვერცხლს დაეუფლა ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) ბრინჯაოები დაისაკუთრეს.

პაპინაშვილმა ფინალამდე სამივე ორთაბრძოლა იპონით მოუგო. ამირანმა გზიდან ჩინელი იი შანი, რუსი ისლამ იაშუევი და მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა ჩამოიცილა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს გადაეყარა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა საწყის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ ლუხუმ ჩხვიმიანს ვაზარით აჯობა.

მარგველაშვილმა საწყის ორთაბრძოლაში კუბელ ოსნიელ სოლისს ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან იპონზე დაეცა. ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში მონღოლი ხერლან განბოლდი “გოლდენ სქორში” ვაზარით დაჯაბნა, ბრინჯაოსთვის დაპირისპირება კი, ასევე დამატებით დროში, ბრაზილიელ დანიელ გარნინს მოუგო (მე-2 ვაზარიზე დააგდო).
შავდათუაშვილმა მასტერსზე პირველი გამარჯვება თურქ ბილალ ჩილოღლუსთან იზეიმა (იპონით), ხოლო მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან მსაჯებმა 3 შიდო აჰკიდეს. ლაშამ რეპეშაჟში კოსოვოელი აკილ გიაკოვა დააიპონა, კვარცხლბეკზე ასასვლელად კი, მონღოლ ოდბაიარ განბაატარს დაუპირისპირდა და და მისი შებოჭვა მოახერხა.
ხვალ, საქმეში კიდევ სამ ჩვენებურს ვიხილავთ. ქართული დელეგაციას მონაწილე არ ჰყავს 81 კგ-ში, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებს.
ჩვენებური მე-2 წრეში ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდს გაეჯიბრება და თუ მას გაცდა, სერბ ალეკსანდარ კუკოლსა და ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება. ვთქვათ ისიც, რომ ამ წონაში უმთავრეს ფავორიტად ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მიიჩნევა, რომელსაც ღვინიაშვილი ფინალამდე არ ხვდება.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი 100 კგ-ში პირველ ნომრადაა განთესილი და მასტერსში მე-2 წრიდან რუს ნიაზ ბილალოვთან შერკინებით ჩაებმება. თუკი ქართველმა ძიუდოისტმა მას სძლია, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვსა და ირლანდიელ ბენჯამინ ფლეტჩერს შორის უკეთესს დაელოდება.
დასასრულ მძიმე წონაზეც (+100 კგ.) ვთქვათ, სადაც პირველ ნომრად ასევე ქართველი – გურამ თუშიშვილი დგას. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მე-2 წრეში ყირგიზ იური კრაკოვეცკის დაუპირისპირდება და თუკი მისი ბარიერი დასძლია, ნახევარფინალის საგზურისთვის ავსტრიელი სტეფან ჰეგისა და რუსი ინალ ტასოევის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება.

0.399314