ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ, რომელიც ამჟამად ტაშკენტის „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელია, ჰოლანდიურ გამოცემა Elfvoetbal-ს ინტერვიუ მისცა.
ქართველი ფორვარდი საუბრობს ჰოლანდიაში და მეტწილად, „აიაქსში“ გატარებულ პერიოდზე. შოთამ გაიხსენა, რომ თავიდან ამსტერდამში მეტსახელად მისტერ ბინი შეარქვეს, რადგან ფეხბურთელებისთვის უცნობი მოთამაშე იყო.
„აიაქსში“ უცნობი მოთამაშის სტატუსით გადავედი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ ფეისბუქზე და ინსტაგრამზე. ბიჭებმა არ იცოდნენ ვინ ვიყავი. შესაბამისად, მალავე მეტსახელი შემარქვეს. მგონი მარტინ რიოსერმა დამიძახა პირველად მისტერ ბინი. არც ვიცოდი ვინ იყო მანამ, სანამ ტელევიზორში არ ვნახე და სიცილი დავიწყე. სასაცილო მეტსახელი იყო. შემდეგ მეძახდნენ Showtime Arveladze-ს და ეს უფრო ჩემი თამაშის დამსახურება გახლდათ“, - ამბობს ქართველი ფორვარდი.
შოთამ „აიაქსში“ 1997-2001 წლებში ითამაშა და 124 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით წარმატებული სადებიუტო, 1997-1998 წლების სეზონი გამოვიდა. შოთამ ერედივიზიონში 31 მატჩში თავი 25-ჯერ გამოიჩინა, ჰოლანდიის თასზე 5 მატჩში ამდენჯერვე გაიტანა, ხოლო ევროტურნირებზე 8 თამაშში 7 გოლი შეაგდო. საბოლოო ჯამში პირველივე სეზონში 44 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა, რაც დიდებული მაჩვენებელია:
„აიაქსში“ მაფასებდნენ, როგორც მოთამაშეს, როგორც ადამიანს. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ბობი ჰარმსთან და სიაკ ვოლფსთან, რომლებიც ნამდვილი აიაქსელები იყვნენ, კლუბისთვის ცხოვრობდნენ. მათთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან სასიამოვნო იყო, მზად ვიყავი მიმეღო მათი რჩევები. მათ დაკრძალვაზეც ვიყავი, რადგან მინდოდა უკანასკნელი პატივი მიმეგო. შარშან იაკუბუ აბუბაკარიც გარდაიცვალა რომელთანაც ხშირად ვხუმრობდი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. 1997 წელს ბევრი ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ჯონ ჰეიტინგა, კრისტიან კივუ, ვესლი სნეიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მაქსველი. ბევრ საუკეთესო ფეხბურთელთან მითამაშია. მიუხედავად ამისა, მათთვის ჩემთან თამაში განსაკუთრებული იყო (იღიმის)“, - იხსენებს არველაძე.
შოთამ „ამსტერდამ არენაზე“ გატარებულ ბოლო სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. მერე კი, შოტლანდიაში, „გლაზგო რეინჯერსში“ გადაბარგდა. ჰოლანდიას ოთხწილიანი პაუზის მერე დაუბრუნდა, მაგრამ „ალკმაარში“ აღმოჩნდა, სადაც ძველი ნაცნობი, ლუის ვან გაალი ელოდებოდა.
„თუმცა, ბოლოს პრობლემები იყო, გადასახადების დამალვაში მედავებოდნენ და ამან „აიაქსის“ დატოვება მაიძულა. კონტრაქტი ერთი წელი ისევ მაკავშირებდა, მაგრამ დარჩენა აღარ შემეძლო. ცოტა ხანში, 2001 წელს „რეინჯერსში“ გადავედი, თუმცა „აიაქსისადმი“ სიყვარული არ განელებულა. 4 სეზონის შემდეგ დაბრუნების შანსი იყო. მწვრთნელი დენი ბლინდი გახლდათ, მაგრამ „აიაქსმა“ შვეიდ მარკუს როზენბერგის შეძენა არჩია. ვფიქრობდი, რომ ეს სირცხვილი იყო. მაგრამ ამ არჩევნის წყალობით „აზ ალკმაარში“ აღმოვჩნდი, სადაც ძალიან კარგი პერიოდი გავატარე“, - დასძინა შოთა არველაძემ.