ფეხბურთი

9:48 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ...“

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ (0:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ დამარცხდა.

„შედეგით, ცხადია, უკმაყოფილო ვართ. მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. შეიძლება უფრო მეტიც. ჯგუფიდან გასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავით.

ახლა ევროპა ლიგაზე უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. ვიცით, რომ ამ ტურნირზე შორს წასვლა ძალგვიძს.

მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ შეცდომები მოგვიმრავლდა, რომლებიც „ლივერპულის“ მიერ შემოთავაზებული მკაცრი პრესინგის გამო ხდებოდა. მეორე ტაიმი უფრო ქაოტური გამოდგა. გოლის გატანა გვჭირდებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დიახ, მასპინძლებმა ბევრი მომენტი გააცუდეს, მაგრამ ჩვენც შეგვეძლო თავის გამოჩენა.

ვამაყობ ჩემი გუნდით. ურთულეს ჯგუფში მოვხვდით და თავიდანვე ვიცოდით, რომ ძნელი მატჩები გველოდა. ჯგუფიდან გასვლა ჩვენთვის დიდი მოვლენა იქნებოდა, თუმცა იღბალიც დაგვაკლდა. ყოველ შემთხვევაში, ტურნირს აწეული თავით ვტოვებთ.“ - განუცხადა ანჩელოტიმ უეფას ოფიციალურ გვერდს.

0.116758