ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „იანგ ბოიზთან“ რთული თამაში ელოდება. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვემ“ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.
„პირველი ადგილისთვის ვითამაშებთ იმ გუნდთან, რომელიც სახლში კარგად თამაშობს. ამიტომ, სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქმეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. ვიცით ამ თამაშის მნიშვნელობა.
„იუვე“ განვლილ წლებში ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა და ჩემპიონთა ლიგა მუდამ კონკურენტუნარიანია. განსაკუთრებული კონკურენცია მეოთხედფინალებიდან იწყება“, - თქვა ალეგრიმ.
„იანგ ბოიზისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება. ტურინელებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებათ. შვეიცარიელებისთვის კი, ჩემპიონთა ლიგა ამ შეხვედრით დასრულდება.