სხვა

23:15 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა სეოკ-ში

დღეს, 11 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.

დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს სეოკ-ის საანგარიშო სესიის საორგანიზაციო საკითხები. ითქვა, რომ სესია ჩატარდება 2018 წლის 21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ადრინდელისგან განსხვავებული ფორმატით. სესიის პროგრამა იქნება მრავალფეროვანი, ინფორმაციულად დატვირთული და ვიზუალურად საინტერესო.

სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.

დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიური ჩემპიონებს გადაეცემათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები, საგანგებო პრიზებით დაჯილდოვდებიან სპორტული წლის ლაურეატები.

სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესოები - წლის სპორტსმენი ქალი, წლის ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი, წლის მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის პარტნიორი.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს - 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს. აღმასკომის სხდომაზე წარმოადგინეს ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი სკულპტურა -„ოლიმპიური ალი," რომელიც გადაეცემა წლის საუკეთესო სპორტსმენს.

აღმასკომის წევრებმა ასევე განიხილეს ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვანი საკითხები.

www.geonoc.org.ge

0.139433