კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლიდან ზუსტად 5 თვე გავიდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალ გუნდს კარგად შეეწყო, გოლებსაც იტანს და საგოლე პასებსაც არიგებს.
5 თვის თავზე, Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტი კრიშტიანუს შეხვდა და განვლილ პერიოდზე, საწყის შთაბეჭდილებებზე, ლეო მესიზე დაეკითხა. საინტერესოა, რომ რონალდუმ მესის იტალიაში გადასვლა ურჩია და იმედი გამოთქვა, რომ არგენტინელი მის მსგავსად მიიღებს გამოწვევას.
პირველი შთაბეჭდილება - „აქ ძალიან ბენდიერი ვარ, მშვენიერი ქალაქია. მადრიდისგან განსხვავებული, უფრო პატარაა და ეს მომწონს. გუნდს რაც შეეხება, საოცრად ორგანიზებულია, საოცარი ფანები და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. აქ უფრო მეტად ერთი ოჯახი ვართ, ვიდრე ეს მადრიდში იყო. მოკლედ, ყველაფერი ფანტასტიკურია“.
არჩევანი - „იუვეს“ გარდა სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ ეს არჩევანი მე გავაკეთე, გუნდის სიმტკიცის გამო, რომელმაც ორი ფინალი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 7-ჯერ მოიგო სკუდეტო. იტალიური გარემო მომწონს, პრეზიდენტი ანიელის მიდგომაც განსხვავებულია. ზოგადად, აქ ყველაფერი განსხვავდება მადრიდისგან, გუნდი უფრო მეტად შეკრული და ერთიანია. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ "რეალში" გატარებული 9 წლის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მივდიოდი, მაგრამ ახლა უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“.
„რეალთან“ თამაში თებერვალში ან მარტში? – „ამაზე არ ვფიქრობ, რადგან არ მაინტერესებს. მინდა ჩემს გუნდთან ერთად გავიმარჯვო და ჩემი გუნდი „იუვეა“. არ დამავიწყდება, მაგრამ წარსული, წარსულია. ახლა მხოლოდ „იუვეში“ მინდა ტიტულების მოგება“.
„იუვეს“ გეგმები - „ვხედავ, რომ „რეალის“ ფეხბურთელებს, ბეილს, ასენსიოს, მარსელოს, ხამესს, „იუვეს“ უკავშირებენ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ „იუვეს“ არ სჭირდება ახალი ფეხბურთელები. თუმცა, ამაზე მაინც პრეზიდენტს უნდა კითხოთ, რადგან არ ვიცი მოვა თუ არა, მარსელო. ჩვენი კარი ძლიერი ფეხბურთელებისთვის ღიაა და მარსელოც ერთ-ერთი მათგანია“.
ლიონელ მესი - მესი მენატრება? არა, ალბათ უფრო მას ვენატრები და დავაკლდი. მე ვითამაშე ინგლისში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ახლა უკვე იტალიაში, მაგრამ ის ყოველთვის ესპანეთში იყო. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა და მინდა ხალხი ბედნიერი იყოს. ძალიან მესიამოვნება მესი ერთ დღეს იტალიაში თუ გადმოვა სათამაშოდ, როგორც მე მივიღე ეს გამოწვევა. მას უდიდეს პატივს ვცემ - ფანტასტიკური ფეხბურთელია, კარგი ადამიანი, მაგრამ აქ არაფერი მაკლია. ეს ჩემი ახალი ცხოვრებაა და ბედნიერი ვარ“.
ჩემპიონთა ლიგა - „რეალში“ წლების განმავლობაში ვერ ვახერხებდით ჩემპიონთა ლიგის მოგებას და „დესიმა“ (მეათე - ავტ) ნამდვილი შეპყრობა იყო. ჩემპიონთა ლიგა ოცნებაა? - დიახ, ყველას გვინდა მისი მოგება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. შეხედეთ „მანჩესტერთან“ თამაშს, ეს რომ მეოთხედფინალი ყოფილიყო, ტურნირს გამოვეთიშებოდით. ცოტა იღბალიც საჭიროა, შესაფერის მომენტში, ეს დეტალებია“.
„ოქროს ბურთი“ – „ვფიქრობ, გამარჯვებას ყოველწელს ვიმსახურებ, ამისთვის ბევრს ვშრომობ. თუმცა, თუ ვერ მოვიგე, ეს არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს. გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მე ყველაფერი გავაკეთე მოსაგებად, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ნაკლებად ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ასე არ მოხდა. მყავს ფანტასტიკური მეგობრები და ოჯახი, ვთამაშობ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში... როგორ გგონიათ, ამ ყველაფრის მერე სახლში მივდივარ და ვტირი? რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. შესაბამისად, ვულოცავ მოდრიჩს, მან ეს დაიმსახურა. მაგრამ მომავალ წელს ვნახოთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ოქროს ბურთი“ ისევ მოვიგო“.