ისტორია

8:57 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

10 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987 – დაიბადა გონსალო იგუაინი. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების, “რივერ პლეიტის”, მადრიდის “რეალის”, “ნაპოლის” ფორვარდი. 2007, 2008, 2012 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2008, 2012 წლებში მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი. 2011 წელს დაეუფლა ესპანეთის თასს, ხოლო 2014-ში იტალიის თასს. 2010 წლის 4 ნოემბერს გაიტანა “რეალის” 700-ე გოლი ჩემპიონთა ლიგის (თასის) მატჩებში. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 54 მატჩი, გაიტანა 25 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1867 - საგაზეთო პუბლიკაციებით დადასტურებულია, რომ პირველი საფეხბურთო მატჩი ჩატარდა არგენტინაში, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა მოთამაშეებმა მიიღეს. მანამდე არგენტინელებს რამდენიმე საფეხბურთო შეხვედრის ცქერა ინგლისელ მეზღვაურთა მონაწილეობით მოუწიათ. 1867 წლის 10 დეკემბერი არგენტინული ფეხბურთის დაბადების დღედ ითვლება. ქვეყნის საფეხბურთო ფედერაცია 1893 წელს შეიქმნა (მსოფლიოში რიგით მეოთხე ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის შემდეგ), ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი კი ინგლისელი ალექსანდერ უოტსონ ჰატონი იყო.

1908 - ბრიტანელმა მოკრივემ, ტომ კრიბმა შავკანიანი ამერიკელი, ტომ მოლინო ორმოცრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა. ეს იყო პირველი პაექრობა, რომელშიც ერთმანეთს განსხვავებული რასის მოკრივეები დაუპირისპირდნენ.

1896 - აშშ-ში პირველი საკალათბურთო მატჩი ჩატარდა საუნივერსიტეტო გუნდებს შორის. ვესლიანოს გუნდმა იელის უნივერსიტეტელებს მოუგო.

1918 - ჯონ ჰეიდერი ბეისბოლის ეროვნული ლიგის (BNL) პრეზიდენტი გახდა.

1931 - ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პირველად ეწვია დიდ ბრიტანეთს და ინგლისის ეროვნულ გუნდთან ლონდონის “ჰაიბერიზე” 1:7 დამარცხდა. ამით, ინგლისელებმა 1929 წელს პირინეს ნახევარკუნძულზე განცდილი მარცხის რევანში აიღეს. ესპანეთი პირველი კონტინენტალური ნაკრები იყო, რომელმაც ინგლისის დამარცხება მოახერხა.

1961 - თბილისის “დინამომ” სამხრეთამერიკული საფეხბურთო ტურნეს დროს, ეკვადორის ქალაქ კიტოში ადგილობრივ “დეპორტივო კიტოს” 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები იამანიძემ, ხუნდაძემ და კალოევმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე (ხუნდაძე), მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი. “დინამოს” ავთანდილ ღოღობერიძე წვრთნიდა.

1964 - უელსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პირველი ბრიტანული ეროვნული გუნდი გახდა, რომელიც საბერძნეთს შეხვდა. ინგლისის 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ბერძნებმა ათენში უელსელებს 2:0 მოუგეს.

1968 - ჯო ფრეზერმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ოსკარ ბონავენა 15 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1972 - თბილისის “დინამომ” აზიური ტურნეს მსვლელობისას, სინგაპურის კომერციული ბანკების ნაკრებს, 9:2 სძლია. ქართველთაგან გოლები გივი ნოდიამ (3), დავით ყიფიანმა (2), ფირუზ რეხვიაშვილმა (2), ბესარიონ მჭედლიშვილმა და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. დინამოელთა გოლკიპერმა, სერგო კოტრიკაძემ ამ მატჩში მოედნის მოთამაშის ფუნქციები შეასრულა. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, გ. მაჩაიძე (გოგიჯანაშვილი), გავაშელი (კუტივაძე), მ. მაჩაიძე, მჭედლიშვილი (ს. კოტრიკაძე), ყიფიანი (რეხვიაშვილი), გ. ნოდია, ლ. ნოდია (გუცაევი). გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა.

1973 - 1885 წლიდან მოყოლებული, პირველად მსოფლიოს მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში, პირველი საფეხური 2-მა მოთამაშემ გაიყო. კლასიფიკაციაში უძლიერესები სმიტი და კონორსი იყვნენ.

1975 - ტერი ფინკმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ჯეკ ბრიკო დაამარცხა და NWA ასოციაციის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1978 - “ნიუ იორკ აილენდერსმა” ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 15 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

1978 - დევისის თასის 67-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა, დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი რანჩო მირაჟში ჩატარდა.

1982 - მაიკლ დოუკსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მაიკ ვივერი 1 წუთსა და 3 წამში ნოკაუტში გაგზავნა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1983 - ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღის პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარტინა ნავრატილოვამ ჯორდანი 6:2, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 58-ე ჩემპიონი გახდა.

1986 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ატლანტა ჰოუქსის” მოთამაშე დომენეკ უილკინსმა “ჩიკაგო ბულზს” 57 ქულა ჩაუგდო.

1988 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა, “ვაშინგტონ კეპიტალზმა” თავის ისტორიაში პირველად დაასრულა მატჩი უშედეგო ყაიმით. ეს “მონრეალ კანადიენსთან” შეხვედრისას მოხდა.

1991 - ბეისბოლისტთა კლუბის პრეზიდენტი, ჯონ სტეინბრუნერსი ვინმე ჰოვარდ სპირამ, ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა, რისთვისაც ამ უკანასკნელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

1992 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, “ორლანდო მეჯიქმა” 14 სამქულიანი ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

1995 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გაფართოების შემდეგ, პირველი შეხვედრა ჩაატარეს “ტორონტო რეპტორზმა” და “მემფის გრიზლიმ”. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ასპარეზობა “რეპტორზმა” 93:81 მოიგო.

2000 - “ტოტენჰემ ჰოტსპურის” ნახევარმცველმა, ლედლი კინგმა თავისი პირველი გოლი, “ბრედფორდ სიტისთან” მატჩისას, შეხვედრის მე-10 წამზე გაიტანა. ეს არის პრემიერლიგის ყველაზე “სწრაფი” საფეხბურთო გოლი.

2006 - ლონდონის “არსენალის” 17 წლის თავდამსხმელი, ტეო უოლკოტი ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს. BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, უოლკოტმა მეორე ადგილზე გასულ ჩოგბურთელს, პოლ დრინკჰოლს დიდი უპირატესობით აჯობა.

2007 - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ბიზნესმენ გოგი თოფაძეს დაეკისრა. მან ამ პოსტიდან გადაყენებული, ბიზნესმენი და მეცენატი, ბადრი პატარკაციშვილი შეცვალა.

2007 - ბენინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად რაინარდ ფაბიში დაინიშნა.

2007 - მილანის “ინტერის” ფორვარდი, ადრიანო ზედიზედ მეორედ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე ყველაზე წარუმატებელი მოთამაშისთვის დაწესებული პრიზის, “ოქროს ურნის” მფლობელი გახდა.

2010 - ჯორჯ კარლი ეროვნული საკალათბურთო ასოცოაციის მეშვიდე მწვრთნელი გახდა, რომლის გუნდმა მეათასე გამარჯვება მოიპოვა. “დენვერმა” “ტორონტოს” 123:116 სძლია. ეს კარლის 1679-ე სადამრიგებლო შეხვედრა იყო.

ამ დღეს დაიბადნენ

1918 - ანატოლი ტარასოვი. საბჭოთა ჰოკეისტი და მწვრთნელი. მოსკოვის არმიელთა რიგებში სამგზის საკავშირო ჩემპიონი. პირველობებზე ჩაატარა 100 მატჩი, გაიტანა 106 შაიბა. 1945 წელს დანიშნეს მოსკოვის არმიელთა ჰოკეისა და ფეხბურთელთა გუნდების მთავარ მწვრთნელად. მოგვიანებით კი, მთელი კონცენტრაცია ჰოკეიში მოღვაწეობაზე გააკეთა. ანატოლი ტარასოვის მეთაურობით, ცსკა მრავალჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1958-60 და 1962-72 წლებში იყო საკავშირო ნაკრების მთავარი მწვრთნელი (არკადი ჩერნიშოვთან ერთად). ტარასოვის მეთაურობით, საბჭოთა კავშირის ნაკრები ზედიზედ 9 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობდა (1963-71). ამასთან, ტარასოვ-ჩერნიშოვის ტანდემმა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა ნაკრებს ზამთრის ოლიმპიადების ჰოკეისტთა ტურნირი (1964, 1968, 1972). ანატოლი ტარასოვმა აღზარდა მსოფლიო დონის ვარსკვლავთა მთელი პლეადა: ვალერი ხარლამოვი, ანატოლი ფირსოვი, ბორის მიხაილოვი, ვლადისლავ ტრეტიაკი, ალექსანდრ რაგულინი, ვიქტორ კუზკინი, კონსტანტინ ლოკტევი, ბორის ალექსანდროვი, ვლადიმერ პეტროვი. ანატოლი ტარასოვი 1995 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა.

1920 - რანგჰილდ ჰვეგერი. დანიელი მოცურავე. 200 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში 1936 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1947 - ზინაიდა ვორონინა. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედალი.

1962 - იონ დე ვოლფი. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და როტერდამის “ფეინოორდის” ფეხბურთელი. ჰოლანდიის ჩემპიონი.

1963 - რობინ უაიტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1988 წელს წყვილთა თანრიგში მოიგო აშშ-ის ღია პირველობა.

1986 - მათე ღვინიანიძე. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების, თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “ლოკომოტივის” და “მიუნხენ 1860”-ის მცველი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი.

1987 - გონსალო იგუაინი. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების, “რივერ პლეიტის”, მადრიდის “რეალის”, “ნაპოლის” ფორვარდი. 2007, 2008, 2012 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2008, 2012 წლებში მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი. 2011 წელს დაეუფლა ესპანეთის თასს, ხოლო 2014-ში იტალიის თასს. 2010 წლის 4 ნოემბერს გაიტანა “რეალის” 700-ე გოლი ჩემპიონთა ლიგის (თასის) მატჩებში. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 54 მატჩი, გაიტანა 25 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105343