ფეხბურთი

2:47 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ისევ ოთხეულშია

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში „მილანმა“ უშუალო კონკურენტების, „რომასა“, „ლაციოსა“ და „ინტერის“ წაფორხილებით ვერ ისარგებლა და ქულები თვითონაც დაკარგა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა ტურის დასკვნით შეხვედრაში „ტორინოს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მიიჩნეოდა, ვერ გაუმარჯვა. სიმართლე რომ ვთქვათ, მეტად უსახური თამაში გამოდგა და ნულოვანი ფრე ლოგიკურიც იყო. მიუხედავად დაკარგული ქულებისა, „როსონერიმ“ ოთხეულში ადგილი შენარჩუნა. „ტორინოს“ სასახელოდ კი უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ლიგის ზონაშია.

სხვა მატჩებს რაც შეეხება - ნამდვილი დრამა შედგა რეჯიო ემილიაში, სადაც „სასუოლომ“ და „ფიორენტინამ“ ითამაშეს. უფერული პირველი ტაიმის შემდეგ არაფერი მოასწავებდა იმას, რაც მეორე 45 წუთში მოხდა. „სასუოლომ“ ხუთწუთიან ინტერვალში ორჯერ დაამწუხრა მეტოქე, რასაც „იებმა“ მალევე უპასუხეს ერთი გოლით. იქვე, მასპინძლებმა კვლავ გაიტანეს და ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინეს. თითქოს, „სასუოლო“ სამ ქულას დაუბრკოლებლად მოიპოვებდა, მაგრამ ფლორენციელებმა ბოლომდე იბრძოლეს. 89-ე წუთზე მარკო ბენასიმ მინიმუმადე შეამცირა ისევ სხვაობა, ხოლო მსაჯის მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე კევინ მირალასმა გაათანაბრა. „ფიორენტინა“ ქულითაც კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ მაინც, საგულისხმოა, რომ სტეფანო პიოლის გუნდს უკვე რვა მატჩია არ მოუგია.

წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა ჩეზარე პრანდელის „ჯენოაში“. მართალია, ლიგურიელებს არ წაუგიათ, მაგრამ საკუთარ მოედანზე „სპალთან“ ფრე გენუელთა აქტივში ნამდვილად ვერ შევა. ლევან მჭედლიძის გარეშე „ემპოლიმ“ „ბოლონია“, უშუალო კონკურენტი დაამარცხა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დასცილდა. მჭედლიძე თადარიგში იყო, თუმცა მოედანზე გასვლა არ მოუწია. ღრმა აუტსაიდერმა „კიევომ“ პარმაში ქულა მოიპოვა, მაგრამ უკვე 15 ტური გავიდა და „მფრინავი ვირების“ მოგებათ გრაფაში ისევ ნული წერია. შესაბაბამისად, გავარდნის მთავარი და რეალური კანდიდატია. უდინეში „ატალანტამ“ „უდინეზე“ 3:1 დაამარცხა და მატჩის გმირი დუვან ძაპატა გახდა, რომელმაც ყოფილ გუნდთან ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„სასუოლო“ – „ფიორენტინა“ 3:3 (0:0)

გოლები: 1:0 დანკანი (62), 2:0 ბაბაკარი (67), 2:1 სიმეონე (70), 3:1 სენსი (80), 3:2 ბენასი (89), 3:3 მირალასი (90)

„ემპოლი“ – „ბოლონია“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 კაპუტო (10), 1:1 პოლი (41), 2:1 ლა გუმინა (80)

„პარმა“ – „კიევო“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 სტეპინსკი (46), 1:1 ბრუნო ალვეში (53)

„უდინეზე“ – „ატალანტა“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ძაპატა (2), 1:1 ლასანია (12), 1:2 ძაპატა (62), 1:3 ძაპატა (80)

„ჯენოა“ – „სპალი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 პეტანია (15), 1:1 პიონტეკი (38, პენ)

„მილანი“ – „ტორინო“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11472