კალათბურთი

10:45 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 8 ქულა და 5 მოხსნა "ფილადელფიასთან"

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“. „პისტონსი“ ამჯერად საკუთარ კედლებში „ფილადელფია სიქსერთან“ ვერაფერს გახდა და 111:117 წააგო.

არადა, მასპინძლები ბოლო პერიოდამდე წინ იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედი 7 ქულით წააგეს და მატჩშიც დამარცხებულნი გამოვიდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს - ზაზამ პარკეტზე 14:17 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. გარდა ამისა, სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

მოედანზე საუკეთესო „ფილადელფიას“ წევრი ჯიმი ბატლერი იყო, რომელმაც 38 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე პასი მიითვალა, ხოლო „პისტონსის“ რიგებში ბლექ გრიფინი (31 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი) და ანდრე დრამონდი (21 ქულა, 10 მოხსნა) გამოირჩნენ.

„დეტროიტს“ 23 თამაშში 13 გამარჯვების წილ 10 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ფაჩულია და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს, სახლში "ნიუ ორლეან პელიკანსთან“ ჩაატარებენ.

0.142933