ფეხბურთი

19:25 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2-ის დრამატული დასასრული...

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონი დასრულდა. ფინიში ისეთი დრამატული და დაძაბული გამოვიდა, ბარე-ორი ტოპ ჩემპიონატი რომ ინატრებდა.

ბოლო ტურის წინ ცხრილის ზედა ნაწილში ყველაფერი ცნობილი იყო. გასარკვევი გახლდათ, ვინ გავარდებოდა ეროვნულ ლიგა 3-ში, ვინ ითამაშებდა პლეი-აუტში და პირდაპირ ვინ შეინარჩუნებდა ადგილს ეროვნულ ლიგა 2-ში.

„შუქურა“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „სამგურალს“ დაუხვდა. აჭარლები გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ ინარჩუნებდნენ ადგილს ლიგაში, ხოლო იმერლებს ამისთვის ფრეც ეყოფოდათ. მასპინძლებმა რამოსისა და ნუნიეშის გოლებით იმძლავრეს და სასურველი, მე-7 ადგილი დაიკავეს. საბოლოოდ, ორივე გუნდმა 41-41 ქულა დააგროვა, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში „შუქურას“ უკეთესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. ორი გამარჯვება, ორი მარცხის წილ, მაგრამ ბურთების კარგი ბალანსი - 5:3-თან. შედეგად, „შუქურა“ ისევ ეროვნულ ლიგა 2-ში გამოვა, ხოლო „სამგურალს“ პლეი-აუტში მოუწევს ბრძოლა და მისი მეტოქე ეროვნული ლიგა 3-ის მესამეადგილოსანი ლანჩხუთის „გურია“ იქნება.

კიდევ უფრო დრამატული გამოდგა მეცხრე ადგილის ბედი. „მერანისთვის“ ამოცანა უფრო მარტივად იდგა: ბოლო ტურის წინ შინ ა უნდა წაეგო „დინამო ბათუმთან“, თუმცა, ასეც რომ მოხდარიყო, შანსი რჩებოდა: „ცხინვალს“ სტუმრად „თელავთან“ არ უნდა მოეგო.

თუმცა, როგორც ჩანს, მარტვილელთა დღე არ იყო. მართლაც რთულია, ასეთი სცენარი ვინმეს წარმოედგინა. „ცხინვალმა“ „თელავთან“ სწრაფადვე გაუშვა ორი გოლი და მერე, 1:3-საც აგებდა. საბოლოოდ, სტუმრებმა მაინც შემოატრიალეს თამაში და 81-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 4:4 იყო, გამარჯვების გოლიც შეაგდეს. თავი მენამ გამოიჩინა. მიუხედავად „ცხინვალის“ გამარჯვებისა, „მერანი“ მაინც საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული.

ლიდერ, მაგრამ უმოტივაციო „დინამო ბათუმთან“ კურდღელაშვილმა მე-3 წუთზე პენალტით დააწინაურა თავისიანები. მაგრამ, მალევე, ყოფილმა მერანელმა ნიკოლოზ საბანაძემ დუბლი გაიფორმა და „მერანი“ ჩამორჩა. მეგრელებმა პირველივე ტაიმში აღადგინეს წონასწორობა და შეხვედრაც მშვიდობიანი დასასრულისკენ მიდიოდა, მაგრამ...

მაგრამ, 86-ე წუთზე „დინამო“ ისევ დაწინაურდა, პენალტი ვაკო თევდორაძემ გაიტანა - 2:3. „მერანისთვის“ ეს გავარდნას მოასწავებდა, მაგრამ შანსი მიეცა. ბოლო წუთზე კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ამჯერად მარტვილელთა სასარგებლოდ. ბურთთან ისევ კურდღელაშვილი მივიდა, რომელმაც მესამე წუთზე მოახერხა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის გატანა, მაგრამ ახლა, გადამწყვეტ მომენტში - ვეღარ. მატჩიც დასრულდა და სეზონიც. ასე დრამატულად დაემშვიდობა ეროვნულ ლიგა 2-ის მარტვილის „მერანი. ჰო, ცნობისთვის, ორივე გუნდმა თანაბარი, 36-36 ქულა დააგროვეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა „ცხინვალის“ მხარეს იყო - 3 მოგება, 1 ფრე (მათ შორის, ერთი გამარჯვება 5 დღის წინ, ბოლო ტურში).

საბოლოო მოსავალს რაც შეეხება: „დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგაში აღზევდა, „ვიტ ჯორჯია“ პლეი-ოფში „სამტრედიას“, „გაგრა“ კი „სიონს“ შეხვდება.

„მერანი“ ეროვნულ ლიგა 3-ში დაქვეითდა, პლეი-აუტში „სამგურალი“ „გურიას“, ხოლო „ცხინვალი“ „ბახმაროს“ დაუპირისპირდება.

„თელავი“ – „ცხინვალი“ 4:5 (3:2)

გოლები: 1:0 თოლორდავა (22), 2:0 ჯიქია (27), 2:1 ოგბუ (45), 3:1 რუხაძე (45), ყურშავიშვილი (45, პენ), 3:3 ვარძელაშვილი (53), 3:4 ოგბუ (70), 4:4 კანდელაკი (76), 4:5 მენა (81)

„მერანი“ – „დინამო ბათუმი“ 2:3 (2:2)

გოლები: 1:0 კურდღელაშვილი (3, პენ), 1:1 საბანაძე (10), 1:2 საბანაძე (21), 2:2 გოშაძე (45, ა.გ), 2:3 თევდორაძე (86, პენ)

90-ე წუთზე კურდღელაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი

„შუქურა“ – „სამგურალი“ (1:0)

გოლები: 1:0 რამოსი (26), 2:0 ნუნიეში (90)

„ვიტ ჯორჯია“ – „ნორჩი დინამო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ღუდუშაური (28), 2:0 საჯაია (85)

„გაგრა“ – „შევარდენი“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 პაიმი (3), 0:2 პაიმი (21), 1:2 ქასრელიშვილი (62), 2:2 პაპავა (73), 3:2 ივანიაძე (84)

0.154116