ძიუდო

14:15 | 7.12.2018 | ნანახია 3401 - ჯერ

სკანდალი ყაზახეთში: გურამ თუშიშვილმა დამარცხება არ აღიარა (+VIDEO)

სკანდალით დასრულდა გურამ თუშიშვილის ასპარეზობა ყაზახეთის ქალაქ ალმატიში გამართულ შეჯიბრზე. ქართველმა ძიუდოისტმა ძალები ყაზახურ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე სცადა, თუმცა, ნახევარფინალში დამარცხდა და პროტესტის ნიშნად, აღარც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაზე გასულა.

თუშიშვილი, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახლავთ, აღნიშნულ ტურნირზე შარშანაც იმყოფებოდა და მაშინ გადამწყვეტი შერკინება მასპინძელ აიბეკ ნუგიმაროვთან წააგო.
ბედის ირონიით, ქართველი ძიუდოისტი გოლიათ ყაზახს უკვე ნახევარფინალში გადაეყარა და რევანშის შანსი მიეცა, თუმცა, ტატამი ისევ დამარცხებულმა, ამჯერად, უკვე სკანდალით დატოვა, რასაც ყაზახურ პრესაში არცთუ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ გურამმა ყოჩაღად დაიწყო და უკვე მე-40 წამისთვის ყაზახური ჭიდაობისთვის მინიმალური შეფასება – “ბუკი” 2-ჯერ ჰქონდა აღებული, შერკინების დასრულებამდე კი კულმინაციური მომენტი ვიხილეთ.
თუშიშვილის მეტოქე თითქოს ტატამიდან ჰყავდა გაყვანილი, როდესაც ნუგიმაროვმა ჩვენებურის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და ეფექტური გდება შეასრულა. შეხვედრის არბიტრმა ეს ილეთი “ჟარტილაით” შეაფასა, რომელიც ძიუდოს ენაზე ვაზარის უტოლდება, თუმცა, მაგიდის მსაჯებთან კონსულტაციის შემდეგ, მასპინძელს წმინდა გამარჯვება მიანიჭა.
ამან თუშიშვილის მძაფრი პროტესტი გამოიწვია და მისი მოთხოვნით დიდ ეკრანზე ეპიზოდი კიდევ რამდენჯერმე გაამეორეს. ქართველი ძიუდოისტი დარწმუნებული იყო, რომ ტატამისთვის ორივე ბეჭი არ შეუხია, თუმცა, მისი აზრი გათვალისწინებული არ იქნა.
აღნიშნულის გამო, გურამი წყობიდან გამოვიდა, მსაჯებისა და ადგილობრივი გამომცხადებლის მოწოდება არ შეისმინა, მეტოქესა და არბიტრს ხელი არ ჩამოართვა და ცხადია, ყაზახისთვის გამარჯვებაც არ მიულოცია. მეტიც, თუშიშვილმა შეჯიბრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ბრინჯაოს მედალი რუს რომან ბობიკოვს უბრძოლველად დაუთმო.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახურ ჭიდაობაში პირველად 2014 წელს პავლოდარში ჩატარდა და ის ცნობილმა კუბელმა ძიუდოისტმა ოსკარ ბრაისონმა მოიგო.
წლეულს, თუშიშვილის გარდა, შეჯიბრში ყაზახი, მონღოლი, რუსი, სომეხი, ებრაელი, ჩეხი, პოლონელ, ერაყელი, აზერბაიჯანელი, ახალზელანდიელი, განელი, უზბეკი, ლიტველი და კამერუნელი სპორტსმენები ჩაებნენ.
მათ შორის ძირითადად ძიუდოისტები და მოჭიდავები იყვნენ, ზელანდიელებმა კი ტურნირზე გოლიათი სუმოისტი ჩიკო რერემოანუ პემბერტონი (სიმაღლე 2 მ. წონა 170 კგ.) წარადგინეს.
ვთქვათ ისიც, რომ ნახევარფინალამდე, თუშიშვილმა მონღოლ სერიკ ბერდიმურატს, ჩეხ ლუკაშ ჰლავაჩეკსა და ყაზახ აიბატ სეიტენს საქმე ვადაზე ადრე მოუთავა, შემდეგ კი, აიბეკ ნუგიმაროვთან დრამატული ორთაბრძოლა იყო... ვთქვათ ისიც, რომ ამ უკანასკნელმა ფინალშიც იმარჯვა, ტიტული შეინარჩუნა და სოლიდური საპრიზო ფონდიდან 10 მილიონი ყაზახური ტენგე მიიღო, რაც დაახლოებით 23 720 ევროა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:53 | 12.12.2018
fidofido (3392)

ქართველებმა ერთმანეთის ქილიკის მეტი რო არაფერი ვიცით მაგიტოა ჩვენი საქმე ტრა..ში

19:52 | 12.12.2018
fidofido (3392)

ტალახაძემ რაც თქვა სწორი ტქვა ვინმეს თუ მის სიტყვებში ეჭვი გეპარებათ ან არასწორად მიგაჩიათ ჩადით აზერბაიჯანში ან თურქეთში და იგივე გააკეთეთ რაც ჩინელებმა აქ გააკეთეს ცემაზე მაქვს საუბარი თუ გამოასწრებთ მერე გააკეთეთ კომენტარი. საკუთარ ქვეყანაში ვიღაც ნაბი... არუნდა გცემდნენ და ქვეყანა მათ არუნდა იცავდეს

11:10 | 08.12.2018
choloka (934)

ადრე ბევრი ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებაზე რომ მიდიოდა რამოდენიმე წიგნი მიჰქონდა წასაკითხად ვარჯიშისგან თავისუფალ დროს,საინტერესოა ახლა ერთი წიგნი მაინც თუ მიაქვს მთელ ნაკრებს.აი განსხვავებაც იმ თაობას და დღევანდელ თაობას შორის,აი მიზეზიც აქაა სწორედ ასეთი ქცევის.მარტო მედლები არაა .....

00:46 | 08.12.2018
lash111 (11)

ეს მგონი ჩვენი სპორტსმენების სენია, როცა გარკვეული წარმატების შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ ზედმეტად თვითდაჯერებულები ხდებიან(რათქმაუნდა არსებებობენ გამონაკლისები), რასაც არაადექვატურ ქმედებებსაც მიაყოლებენ ხოლმე. გარდა ამისა, ეს კონკრეტული შემთხვევა, ალბათ, მიუღებელია ნებისმიერი ობიექტური გულშემატკივრისთვის. სპორტცმენის ,,სიდიდეზე" მეტყველებს არამარტო მისი ტიტულები არამედ მისი ქცევაც, როგორ ღირსეულად შეუძლია მას შეხვდეს, როგორც გამარჯვებას ასევე დამარცხებასაც. სამწუხაროდ ძიუდოში ყველაფერი ქაოსურად წარიმართა, შიდა დაპირისპირება ფედერაციაში, ძიუდოისტებს შორის ჩხუბი და ამ სპორტის გაუგებარი მომავალი. სტრატეგიაზე და ხედვაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ყველაფერი მიმდინარეობს თვითდინებით და ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ყველა ის პირი, რომელსაც ძიუდოს მომავალი და განვითარება ეხება, უნდა გამოვიდეს სირაქლემის პოზიციიდან და დაუსვან წერტილი იმ ქაოსს რაც დღეს ძიუდოში ხდება.
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვაკომენტარებ აღნიშნულ საიტზე პრაქტიკულად ყველა კომენტარს ვკითხულობ ძიუდოს შესახებ და იშვიათად თუ შეგხვდება ასეთი კომპეტენტური მოსაზრებები გულშემატკივრისგან. იქნებ ამ ხალხს მაინც მოუსმინო ძიუდოს ფედერაციავ !...

00:39 | 08.12.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

ჩემი გრიშკა ვაშაძეც მაგ დღეშია ზუსტად

19:53 | 07.12.2018
ალექსანდრე (6188)

რა თქვა ასეთი ტალახაძემ, მრთლაც როგორ უნდა ქცემოს ჩინელმა ქართველს?!

20:22 | 07.12.2018
ალექსანდრე (6188)

აქ მორევაზეა ლაპარაკიი

19:26 | 07.12.2018
toshihiko (1309)

თუშიშვილს რა უნდა ამ ტურნირზე ამას რატომ არავინ კითხულობს?

19:55 | 07.12.2018
ალექსანდრე (6188)

ფული, ეგონა ჩემპიონი გავხდებიო და ფულადი პრიზი 27 ათასი დოლარი დამრჩებაო.

16:48 | 07.12.2018
გუგა80 (1551)

ეს რომ ჩვეულებრივად დამთავრებულიყო (ან მოეგო ან წაეგო - მკიდია) კომენტარს საერთოდ არ გავაკეთებდი.
მაგრამ რადგან ასეთი რამე მოხდა დავაკომენტარებ:
- როდესაც ადამიანს წაგება არ შეუძლია, ეს არამარტო არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია, არამედ პიროვნულადაც კარგად არ ახასიათებს ადამიანს.
- როდესაც ხარ სპორტში, სადაც მსაჯი წყვეტს მოგება-წაგებულის ამბავს, იქ ესე იგი სუბიექტური პონტებიც იქნება და ამას წინასწარ უნდა იყო შეგუებული. ოლიმპიური მედალიც დაუკარგავთ (მათ შორის ოქრო და მათ შორის ქართველსაც) მაგრამ ასეთი ცუდი საქციელი არ უკადრებიათ.
- დაბოლოს, კაცი მსოფლიო ჩემპიონი ხარ (ნუ მართალია მხოლოდ ოფიციალურად, ფაქტიურად ოდენ მეორე ნომერი რინერის შემდეგ) ოლიმპიურ და თან ძალიან პოპულარულ სახეობაში, რა ყაზახური ჭიდაობა რის ნურსულტან ნაზარბაევი??!!! ტრავმის რისკს რომ თავი დავანებოთ რატომ იუფასურებ თავს მეგობარო? და თუ მაინც ჰა და წახვედი ლაღად მაინც მიუდექი და ნუ დაიძაბები. განა რა ფული უნდა ეშოვა ამ არაფრისმომცემ ტურნირზე რომ აი ეს უღირდა რაც მოხდა.

მოკლედ რაღაც ჭირი გვჭირს ამ ბოლო დროს.
ჯერ იყო და პეტრიაშვილმა პუტინის მაიკა გადაიცვა, მერე იყო და ტალახაძემ ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია იქადაგა (ჩინელმა ქართველი როგორ უნდა ცემოსო - გახსოვთ ალბათ. რა შუაშია ჩინელი? ამერიკელმა შეიძლება რომ გვცემოს? ან ქართველმა ქართველი?), ბოლოს კიდევ ეს.
ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ეს ხალხი საქართველოს წარმოადგენენ.

00:42 | 08.12.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

ტალახაძესთან დაკავშირებით ვიტყვი. ისეთ თემაზე გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომ ვერაფერში გაამტყუნებ. მანდ ჩინელებში არაა საქმე. პაკისტანელი, ბრაზილიელი ან ბელგიელი რომ ეთქვა იგივე კონტექსტი ექნებოდაstripslashes((strlen('https://footballnews.ge/index.php?newsid=26749')>0?' https://footballnews.ge/index.php?newsid=26749':' https://footballnews.ge/index.php?newsid=26749'))

19:25 | 07.12.2018
sanzona (3181)

თუშისთან მიმართებით რაც დაწერე სრულიად გეთანხმები, გენოსთან ნახევრად, აი ტალახაძესთან კი მაგრად გაუბერე და როლებში შეიჭერი

17:02 | 07.12.2018
გუგა80 (1551)

პ.ს. ბოლო წინადადება ცოტა არასწორად აღიქმება. სამწუხაროა ის როცა ცნობილი და გამოჩენილი ქართველი არ იქცევა კარგად, თორემ თუშიშვილიც, პეტრიაშვილიც და ტალახაძეც რომ საქართველოს წარმოადგენენ ეს ძალიან კარგია.

15:42 | 07.12.2018
გარეჯი (3417)

საპრიზო ფონდი რამდენი იყო დაწერეთ,ვინმემ ხომ არ იცით.სხვა საიტებზე 2700 დოლარი ეწერა არ მგონია ეს თანხა სწორი ამისთვის ამდენი სპორცმენი არ ჩავიდოდნენ

19:23 | 07.12.2018
ალექსანდრე (6188)

10 მლნ ტენგე მარტო ჩემპიონს, ეს 27 000 დოლარია. (27 ათასი დოლარი)

0.147154