იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „რომა“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სკანდალის გარეშე ამ შეხვედრას არ ჩაუვლია. 37-ე წუთზე, მილანელთა საჯარიმოში დანილო დ’ამბროზიომ ნიკოლო ძანიოლო წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
მეტიც, ვიდეორეფერიმაც არ მიიჩნია, რომ თამაშის წესები დაირღვა, არადა ეს ნათელი იყო. შედეგად, „ინტერმა“ შეტევა წამოიწყო და ანგარიშიც გახსნა.
ბუნებრივია, იტალიაში ამ ეპიზოიდს მითქმა-მოთქმა მოჰყვა და კომენტარი „რომას“ ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმაც გააკეთა. მიის განცხადებით, ვიდეორეფერი, მიკელ ფაბრი სხვა თამაშს უყურებდა:
„ძანიოლოზე პენალტი? - ყველამ დაინახა, რომ პენალტი იყო. როდესაც VAR-ი ასეთ დროში საქმეში არ ერთვება, ნამდვილად სამარცხვინოა. უბრალოდ შეუძლებელია ვერ შეამჩნიო ასეთი მომენტი. ჩვენ ყველამ, ტრიბუნებიდან პატარა ეკრანზე დავინახეთ, რომ წესი დაირღვა. მსაჯებმა ეს ეპიზოდი აუცილებლად უნდა განმარტონ.
ფაბრი (ვიდეორეფერი ამ შეხვედრაში) აშკარად სხვა მატჩს უყურებდა. ეს არ ეხება მხოლოდ „რომას“, შეიძლება სხვა გუნდებსაც იგივე დაემართოთ. ასეთი მომენტები ჩემპიონატზე გავლენას ახდენენ. ჩვენ აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს, „ინტერმა“ კი შეტევა დაიწყო და 1:0 დაწინაურდა“, - აღნიშნა ტოტიმ.