ფეხბურთი

23:36 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ და „ლივერპული“ კვლავ დაუმარცხებლები არიან

დღის ადრეულ მატჩში „ჩელსიმ,“ ორი წაფორხილების შემდეგ, მებოლოვე „ფულემს“ მოუგო. სტუმრები სახიფათოები, ალბათ ერთი გარემოების გამო შეიძლება ყოფილიყვნენ, ცოტა ხნის წინათ მწვრთნელი შეეცვალათ და „ახალი ცოცხის“ ამბავი მოგეხსენებათ.

მაგრამ რანიერის არ გაუმართლა. „ლურჯებმა“ თავიდანვე მედგრად შეუტიეს და ადრეული გოლითაც დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე პედრომ გაიტანა. „არისტოკრატები“ შემდეგაც ყოჩაღობდნენ, ბურთსაც აკონტროლებდნენ და სტუმრებს შანსიც არ ჰქონიათ რაიმე ღირებული შეექმნათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში, რანიერიმ ორი გაბედული ცვლილება მოახდინა და „ფულემიც“ სხვაგვარად დაიქოქა. გააქტიურდა და ერთი ხანი ბურთიც გააკონტროლა. განსაკუთრებით სახიფათო ჩემბერსი გახლდათ, რომელსაც ორჯერ უნდა გაეტანა.

მაგრამ ბოლოსკენ სარიმაც შეცვალა ფეხბურთელები და წარმატებითაც. ლოფტუს-ჩიკმა მეორეც გაიტანა და „ჩელსი“ კვლავ ოთხეულში რჩება.

„ემირეითსზე“ ჩრდილოლონდონურმა დერბიმ გაამართლა. შესაძლოა, ამას „ტოტენჰემის“ ქომაგები არ დაეთანხმონ, მაგრამ, მაინც. „არსენალმა“ მალევე გახსნა ანგარიში, მაგრამ შესვენებამდე „მეთოფეებმა“ ოთხი წუთის ინტერვალში ორჯერ გაისროლეს (დაიერი, კეინი, პენალტით) და გასახდელში მოგებულები შევიდნენ.

თითქოს მორალური უპირატესობა „ტოტენჰემის“ მხარეს იყო, მაგრამ მასპინძელთა ერთმა შეტევამ ყველაფერი შეცვალა. 56-ე წუთზე ობამეიანგმა ანგარიში გაათანაბრა და „არსენალმა“ ფრთები გაშალა.

შემდეგ თამაშში ჩართვა „დეზების“ ფრანგ მკარე ლორისს უფრო ხშირად უწევდა. მესამე გოლის შემთხვევაშიც არ გაუმართლათ, როცა ბურთი რიკოშეტით გავიდა კარში.

რაც შეეხება ტაქტიკურ დუელს, შეიძლება ითქვას, რომ ორი ესპანურენოვანი მწვრთნელიდან, უნაი ემერიმ იმარჯვა.

მერსისაიდული დერბი კი კურიოზულად დამთავრდა. „ევერტონი“ ახლოს იყო, ზედიზედ მეორედ უგოლოდ დაეტოვებინა „ენფილდი,“ მაგრამ კიდევ ერთხელ ამუშავდა პრინციპი: მატჩი ბოლო წამებმდე გრძელდება...

შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ეს გამოთქმა მთლად მართებული არც იყოს, იმიტომ, რომ გოლი მართლაც კურიოზული გამოდგა, მაგრამ მაინც. ვან დეიკმა საჯარიმოს გარედან უხეიროდ დაარტყა, სტუმართა მეკარე ბურთს კი მისწვდა, მაგრამ სფერო ხარიხასაც შეეხო და იქვე მყოფმა ორიჯიმ თავით ყველას დაასწრო.

„ევერტონს“ შეიძლება ვუთანაგრძნოთ, მაგრამ „ლივერპულს“ იმდენი თამაში წაუგია კურიოზულად, რომ...

ამისდაკვალდ, „ლივერპულმა“ მესამეადგილოსან „ჩელსის“ უკვე 5 ქულით გაუსწრო და „სიტის“ დარად, ჯერჯერობით პრემიერლიგაში დაუმარცხებელია.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-14 ტური. 2 დეკემბერი

ჩელსი - ფულემი 2:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 30 187

1:0 პედრო (4), 2:0 ლოფტუს-ჩიკი (82)

ჩელსი: კეპა, ალონსო (ძაპაკოსტა 78), ლუისი, რუდიგერი, ასპილიკუეტა, კოვაჩიჩი (ლოფტუს-ჩიკი 67), ჟორჟინიო, კანტე, აზარი, პედრო, ჟირუ (მორატა 70)

მწვრთნელი: მაუროციო სარი

ფულემი: რიკო, ლე მარშანი, მოუსონი, ოდოი, კრისტი, სერი, იოჰანსენი (აიტე 46), ჩემბერსი, კერნი (კებანო 76), მიტროვიჩი, სესენონი (კამარა 46)

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ასპილიკუეტა (69), მორატა (83); ოდოი (54)

არსენალი - ტოტენჰემი 4:2

ლონდონი. „ემირეითსი.“ 59 973

1:0 ობამეიანგი (10, პენ), 1:1 დაიერი (30), 1:2 კეინი (34, პენ), 2:2 ობამეიანგი (56), 3:2 ლაკაზეტი (74), 4:2 ტორეირა (77)

არსენალი: ლენო, ჰოლდინგი, პაპასტატოპულოსი, მუსტაფი (გენდუზი 71), კოლაშინაცი, ჯაკა, ტორეირა, ბელერინი, ივობი (ლაკაზეტი 46), მხითარიანი (რემზი 46), ობამეიანგი

მწვრთნელი: უნაი ემერი

ტოტენჰემი: ლორისი, დევისი (როუზი 82), ფოიტი, ვერტონგენი, ორიე, დაიერი, ერიკსენი, სისოკო, ალი (უინკსი 79), კეინი, სონი (მოურა 79)

მწვრთნელი: მოურისიო პოჩეტინო

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: მუსტაფი (37), ჯაკა (49), ტორეირა (78); ვერტონგენი (9), დაიერი (32), ალი (65), ორიე (90+1)

გაძევება: ვერტონგენი (85)

ლივერპული - ევერტონი 1:0

ლივერპული. „ენფილდი.“

1:0 ორიჯი (90+6)

ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, ვან დეიკი, გომესი, ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვეინალდუმი, მანე, ფირმინო (ორიჯი 84), შაჩირი (კეიტა 71), სალაჰი (სტარიჯი 75)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ევერტონი: პიკფორდი, დინი, მინა, კინი, კოულმენი, გუეი, გომეში, ბერნარდი (კალვერტ-ლევინი 89), სიგურდსონი (ზუმა 90+1), უოლკოტი (ლუკმანი 63), რიშალისონი

მწვრთნელი: მარკო სილვა

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: შაჩირი (33), ფაბინიო (77), გომესი (80); გომეში (88), სიგურდსონი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126671