2 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში მზურნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან.
ფესტივალი, სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას“ სამი დღის განმავლობაში ჩატარდა და მასში ქვეყნის რვა რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც რეგიონული ტურნირების შედეგად შეირჩნენ. მსგავსი აქტივობების მტავარი მიზანი ფეხბურთის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აერთიანებს. უკვე 3 წელზე მეტია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა, სადაც აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.
www.gff.ge