ფეხბურთი

17:30 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი ჯგუფი: წასაშლელი ისტორია

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაჯგუფდა და შესაბამისად, ცნობილია საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც. ვლადიმირ ვაისის გუნდი D ჯგუფში მოხვდა, სადაც 4 მეტოქე ეყოლება.

ცხელ გულზე რა უნდა ითქვას? - უგრანდო ჯგუფია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ადვილი გზა გველოდება. მეტიც, ძალზე თანაბარი ჯგუფია. საქართველოს წარსულში ყველასთან ჩაუტარებია მინიმუმ 2 მატჩი, მაგრამ სასიხარულო და საამაყო არაფერი გვაქვს.

გიბრალტარი ერთადერთია, რომელიც აქამდე დაგვიმარცხებია. აი, შვეიცარიასთან, დანიასთან და ირლანდიასთან ჯამში ჩატარებული 14 მატჩიდან მხოლოდ და მხოლოდ 3 ფრით შეგვიძლია დავიკვეხნოთ. ეს რა თქმა უნდა, ძალზე უსიამოვნო სტატისტიკაა.

წარსული თითქოს კარგად არაფერს გვპირდება დამდეგ შესარჩევ ციკლში, მაგრამ მაინც წარსულია, სტატისტიკაა და მთავარია რა იქნება აწმყოში. ჩვენი ჯგუფის შესახებ რაღა თქმა უნდა, კიდევ დავწერთ, მაგრამ მანამდე, გავეცნოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას შვეიცარიასთან, დანიასთან, ირლანდიასთან და გიბრალტართან...

დანია - 3 თამაში, 0 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 4:10 ბურთების ბალანსი

დანიის ნაკრებისა და საქართველოს გზები პირველად 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა. ისტორიაში სადებიუტო თამაში კი 2004 წლის 17 ნოემბერს თბილისში შედგა და ერთადერთი შემთხვევაა დღემდე, როდესაც სკანდინავიელებთან საქართველო არ დამარცხებულა.

„მიხეილ მესხზე“ იტალიური „მილანის“ შემტევი იონ და ლ ტომასონის შეჩერება ალენ ჟირესის გუნდისთვის რთული საკითხი გამოდგა. დანიელმა ფორვარდმა მე-7 და 64-ე წუთებზე ორჯერ გაიტანა. თუმცა, „ჯვაროსნებმა“ ორივე გოლი გაქვითეს. ჯერ გიორგი დემეტრაძემ 33-ე წუთზე, ხოლო მერე მალხაზ ასათიანმა 76-ე წუთზე. განსაკუთრებით ეფექტური სწორედ ასათიანის გოლი გამოდგა...

იმავე შესარჩევ ეტაპზე გაიმართა საპასუხო მატჩიც, რომელშიც ჩვენთვის კარგი არაფერი მომხდარა. 2005 წლის 7 სექტემბერს, კოპენჰაგენში დანიელებმა 6:1 გაიმარჯვეს... მასპინძელთაგან კლაუს იენსენმა, კრისტიან პოულსენმა, დანიელ აგერმა, იონ დალ ტომასონმა და სორენ ლარსენმა (დუბლი) გაიტანეს. ქართველთაგან კი თავი გიორგი დემეტრაძემ 37-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის 1:2 გახადა ანგარიში...

ბოლო დაპირისპირება კი ამხანაგური ხასიათის გახლდათ და 2013 წლის 5 ივნისს, ოლბორგში გაიმართა. ამჯერად, თემურ ქეცბაიას ფორმაციის გუნდმა გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, მაგრამ მაინც დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველო დაწინაურდა. 52-ე წუთზე თავი ირაკლი ძარიამ გამოიჩინა. დანიელებმა შეხვედრა ბოლოში შემოატრიალეს. ნიკლას პედერსენმა 77-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, კრისტიან ერიკსენმა დიდებული საჯარიმო დარტყმით დანიას მოაგებინა.

შვეიცარია - 2 თამაში, 0 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 1:4 ბურთების ბალანსი

საამაყო არაფერი გვაქვს შვეიცარიის ნაკრებთან დაპირისპირებებშიც. ასეთი რამ ორჯერ მოხდა, ჩვენი გზები ევრო 2004-ის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა და კობი კუნის შვეიცარია მთლიანად შესარჩევი ციკლი დიდებულად ჩაატარა.

პირველი მატჩი 2002 წლის 8 სექტემბერს, ბაზელში შედგა. 37-ე წუთზე მასპინძლები ალექსანდრ ფრაის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს. საქართველომ ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა, თავი შოთა არველაძემ გამოიჩინა. თუმცა, არ გასულა ერთი წუთი და ჰაკან იაკინმა შვეიცარიის ნაკრები ისევ დააწინაურა. მერე კი, პატრიკ მიულერმა და შტეფან შაპუიზამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 4:1.

მეორე მატჩი 2003 წლის 2 აპრილს, თბილისში გაიმართა და ამჯერად გუნდებმა ქულები გაიყვეს, გოლი არ გასულა - 0:0.

გიბრალტარი - 2 თამაში, 2 მოგება, 0 ფრე, 0 წაგება 7:0 ბურთების ბალანსი

ერთადერთი მეტოქე, რომელთანაც საქართველოს დადებითი ბალანსი გააჩნია, გიბრალტარია. ამ გუნდების გზა ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა და „ჯვაროსნებმა“ ორივე მატჩში უპრობლემოდ გაიმარჯვეს.

2014 წლის 14 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა სტუმრად 3:0 მოიგო. ნიკა გელაშვილმა (მე-9 წუთი), თორნიკე ოქრიაშვილმა (მე-19 წუთი) და ჯაბა კანკავა (69-ე წუთი) გაიტანეს გოლები.

საპასუხო თამაში კი „დინამო არენაზე“ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა და ქართველებს ამჯერადაც არ ჰქონიათ პრობლემები - 4:0. მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა პირველივე ტაიმში. მის გარდა თავი თორნიკე ოქრიაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინეს.

ირლანდია - 9 თამაში, 0 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება, 5:17

ირლანდიის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ რად გინდა?! – 9 მატჩი, 8 მარცხი და ერთადერთი ფრე. აქედან 8 ოფიციალური თამაში და ერთიც ამხანაგური. ჯერ სწორედ ამ სპარინგით დავიწყოთ – 2013 წლის ივნისში დუბლინში 4:0 წავაგეთ. ეს მატჩი ცუდად უნდა ახსენდებოდეს გიორგი ლორიას, რომელმაც მე-19 წუთზე წითელი ბარათი მიიღო და თითქმის მთელი თამაში საქართველოს ნაკრებს კაცნაკლულს მოუწია თამაში. გოლები კი რიჩარდ კეომ, საიმონ კოქსმა და რობი კინმა გაგვიტანეს. ამ უკანასკნელმა ეს ორჯერ გააკეთა.

რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს: პირველად ჩვენი გზები ევრო 2004-ის შესარჩევში გადაიკვეთა: 2003 წლის 29 მარტს “მიხეილ მესხზე” სტუმრებმა ორჯერ იხეირეს: დემიენ დაფმა და გარი დოჰერტიმ. გადამწყვეტი გოლი დოჰერტიმ 84-ე წუთზე გაგვიტანა, არადა 62-ე წუთზე ლევან კობიაშვილის ულამაზესი ჯარიმით გათანაბრებაც მოვახერხეთ. იმავე წლის ივნისში კი, დუბლინში, 2:0 დაგვამარცხა მასპინძელმა გუნდმა: ჩვენს კარში გოლი ისევ გარი დოჰერტიმ შეაგდო, მასთან ერთად რობი კინმა.

შემდეგ ჯერი 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე დადგა: 2008 წლის 6 სექტემბერს მაინცში “ვუმასპინძლეთ” კელტებს და კვლავ ვერაფერი გავაწყეთ. ლევან ყენიას გვიანმა გოლმა მხოლოდ ანგარიში დაასველა. ირლანდიელთაგან დოილმა და უელანმა იხეირეს.

დუბლინში კი, მეტი პრობლემა შევუქმენით მეტოქეს: პირველივე წუთზე ალექსანდრე იაშვილის გოლით წინ გავედით კარგა ხანს ვიგებდით. თუმცა, მერე საქმეში მსაჯი ჩაერია და 72-ე წუთზე ჩვენს კარში პენალტი მოიგონა, რომელიც რობი კინმა ზუსტად დაარტყა. დარჩენილ დროში “ჯვაროსნები” გატყდნენ და კინმა ხუთ წუთში დუბლი გაიფორმა - 1:2.

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლიც უსიამოვნოდ გვახსენდება და მითუფრო ირლანდიასთან: თბილისში ეიდენ მაკგიდის დუბლს თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით ვუპასუხეთ, ხოლო დუბლინში, 2015 წლის 7 სექტემბერს, მინიმალურად წააგო კახა ცხადაძის ნაკრებმა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯონ უოლტერსმა 69-ე წუთზე გაიტანა.

ირლანდია მარადმწვანე მეტოქედ გვექცა, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლშიც ჩვენი მოწინააღდეგე იყო. ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა კელტებს ორივე თამაშში დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

2016 წლის 6 ოქტომბერს, დუბლინში, ვლადიმირ ვაისის გუნდი არაფერში ჩამოუვარდებოდა მეტოქეს და რიგ ეპიზოდებში აჯობა კიდეც. მარტო ის რად ღირს, რომ პირველ ტაიმში ორჯერ ძელმა გადაარჩინა ირლანდიელები. თუმცა, 56-ე წუთზ სეამუს კოულმენისგან ცოტა არ იყოს, კომიკური გოლი გავუშვით და ზედიზედ მერვე თამაში წავაგეთ ირლანდიასთან.

ნავსი, რომლის გატეხვას 14 წელი და 8 მატჩი ველოდებოდით, 2017 წლის 2 სექტემბერს გატყდა. შეინ დაფმა მეოთხე წუთზე დააწინაურა სტუმრები და თითქოს განგება კარგს არაფერს გვიქადდა, მაგრამ ზუსტად ნახევარ საათში ვაკო ყაზაიშვილმა გაათანაბრა და მერე ანგარში აღარ შეცვლილა. ირლანდიას კი, თბილისში დაკარგული ორი ქულა, მუნდიალის გარეშე დარჩენად დაუფასდა. საბოლოოდ, მარტინ ონილის გუნდი ლიდერ სერბეთს სწორედ ორი ქულით ჩამორჩა და პლეი-ოფში მოუწია მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა, სადაც დანიასთან დამარცხდა. ეს კი, ჩვენთვის მაინც სასიამოვნო ამბავი იყო, რადგან ერთხელ მაინც მოვახერხეთ იმ ნაკრების გამწარება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა ისტორიაში...

ერთის მხრივ უარყოფითი ბალანსი რა თქმა უნდა, მოსაწონი არაა, მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება საჩვენოდ გამოვიყენოთ. სხვა თუ არაფერი, საქართველოს ნაკრებს გიბრალტარის გარდა ყველა მეტოქესთან რევანშის აღების დიდებული შანსი ეძლევა. თანაც, თუ ვსაუბრობთ პროგრესზე, მაშინ ასეთ მეტოქეებთან უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ჭეშმარიტებაა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111246