ბლოგი

9:34 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ამბები ბუენოს აირესში

ბუენოს აირესის ვიწრო ქუჩებისა და ღარიბული უბნების მიღმა არსებობს რაღაც დიდი, გასაოცარი და მომაჯადოვებელი. ბოლომდე ვერავინ ამოხსნა თუ რა ქვია ამ ფენომენს, მაგრამ საკმარისია ადამიანმა არგენტინის დედაქალაქში თუნდაც ერთი დღე გაატაროს, ყველა ადვილად ხვდება ჩვეულებრივ ქალაქში რომ არ ჩასულა და მუდმივად თან დასდევს მოლოდინი, რომ იხილავს რაიმე წარმოუდგენელს, დაუჯერებელს და დიდებულს.

როდესაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალში არგენტინის დედაქალაქის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და ერთმანეთის უძველესი მეტოქეები - “ბოკა ხუნიორსი“ და “რივერ პლეიტი“ ხვდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ამოიგმინა სრულიად არგენტინამ გაოცებით და წინასწარი შიშით იმისა, რომ ეს ამბავი ადვილად არ დასრულდებოდა. თუმცა, ის რაც “ბომბონერაზე“ ფინალის პირველი შეხვედრის შემდეგ განვითარდა, ფეხბურთის კუთხით მრავლისმნახველმა ბევრმა არგენტინელმაც კი პირველად ნახა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა, მთელი ქალაქი ქუჩაში იყო გასული და ხელჩართულ ჩხუბებს (რაც ნამდვიად არ არის კარგი და სამაყო არც ერთი გულშემატკივრისთვის) რომ თავი დავანებოთ, ეს იყო მასობრივი განხილვის, ღვინის სმის, მსჯელობისა და კიდევ უფრო დიდი მოლოდინის ღამე. არგენტინამ იცოდა, რომ წინ იყო მეორე შეხვედრა, რომელიც არგენტინის ნაკრებისა და “რივერ პლეიტის“ მთავარ სტადიონზე - “მონუმენტალზე“ გამართებოდა და ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საშვილიშვილოდ გადაკიდებული მტრებიც კი ერთად იწყებდნენ ფიქრს, თუ როგორ ეშოვათ მატჩზე დასასწრები ბილეთი, რომლის ფასი როგორც შემდეგში გაირკვა 500 დოლარიდან იწყებოდა.

მთელი მსოფლიო მოიარა და ალბათ თქვენც გინახავთ ფოტო, “რივერ პლეიტის: ქომაგი ბიჭუნა თუ რიგორ ყიდდა საკუთარ სათამაშოებს და ამ გზით როგორ ცდილობდა მოეგროვებინა ფინალის მეორე შეხვედრის ბილეთიის ფული. მოქალაქეები ყიდდნენ საკუთარ ავტომობილებს და ნიშნობის ბეჭდებს ნანატრი თამაშის მხილველნი რომ გამხდარიყვნენ. “ბოკას“ დიდმა ფანმა ერთმა მასწავლებელმა კი სკოლიდან ჩუმად სკამები გაყიდა და ამის გამო საციხედ გაიხადა თავი.

ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ღვინის მწარმოებელი არგენტინული კომპანიები ქომაგთა გულის მოგებაში. ქალაქში ღვინის ბარებმა დააწესეს სპეციალური ფასდაკლებები ამათუიმ კლუბის ქომაგებისთვის. ზოგიერთმა კომპანამ ქუჩაში სრულიად უსასყიდლოდ დაიწყო ინჩასებისთვის ჭიქა ღვინის შეთავაზება. ხოლო თუკი ადამიანი მაგალითად “ბოკა ხუნიორსის“ მაისურით ბარში შევიდოდა, სადაც “რივერის“ დროშები იყო გამიფენილი, მას სასმელზე ფასის განახევრების ნაცვლად ღვინოს თუ ვისკის სამმაგ ფასად აძლევდნენ და არც გველძუურ სიტყვებს აკლებდნენ.

ტყუილია როდესაც ამბობენ, რომ არგენტინა დიდი ქვეყანაა, რადგან როდესაც ფეხბურთს ეხება საქმე მთელი ქვეყანა ხდება ბუენოს აირესის ორი უბანი, რომლებიც იბრძვიან ყველა მეთოდებითა და ხერხებით იმისთვის, რათა უბნის გუნდიდან მსოფლიოს გრანდის სახელი კიდევ ერთხელ დაიგდონ. ფინალის მეორე მატჩი ცემა-ტყეპის, გასახდელებში გაზის გაშვების, ქომაგების მხრიდან პოლიციაზე შეტევის და სხვა მრავალი ვაიუშველებელის გამო ორჯერ გადაიდო და ეს სკანდალების მოყვარულ მსოფლიოს პრესას ძალიანაც მოეწონა. არგენტინელები დიდად ალბათ ვერც კი მიხვდნენ, რომ ისინი დღეს უკვე მსოფლოს ყურადღების ცენტრში არიან და ლიბერტადორესის თასის ფინალმა თავისი პოპულარობით ამ ეტაპზე ევროპის ბევრ ცნობილ საფეხბურთო ლიგას აჯობა.

ევროპელები ხშირად იბზუებენ ხოლმე ცხვირს ლათინოამერიკული ფეხბურთის გაგონებაზე, მაგრამ მათაც მოუწევთ აღიარება, რომ ლათინურ ამერიკაში და კონკრეტულად ბუენოს აირესში ჯერ კიდევ თამაშობენ ნამდვილ ფეხბურთს. იქაურ ქომაგებს ჯერ კიდევ სჯერათ იმის, რომ დიდი ფულით დიდი ტრანსფერების გაჩარხვის და მაქინაციების გარეშე ღირს ბრძოლა და რაც მთავარია ეს ბრძოლა (მიუხედავად ბევრი არასასურველი ამბისა) ფეხბურთს - არგენტინელთა მეორე რელიგიას უკავშირდება!

0.114363