გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში მოიგო მიუხენის „ბაიერნმა“ და სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. „რეკორდმაისტერმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება ბრემენში იზეიმა, სადაც როგორც წესი ბოლო წლებში წარმატების მიღწევა არ უჭირდა.
თუმცა, ამჯერზე „რეკორდმაისტერს“ ადვილად არაფერი მიუღია და ბოლო წუთამდე ბრძოლა მოუწია გამარჯვებისთვის. მატჩის გმირი კი სერჟ გნაბრი გახდა, რომელსაც ადრე „ვერდერში“ უთამაშია, მაგრამ ყოფილი გუნდი არ დაინდო. ახალგაზრდა შემტევმა ანგარიში მეოცე წუთზე გახსნა, როდესაც თავისივე დარტყმულს და მეკარის მოგერიებულს დაამატა. „ვერდერმა“ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, იაპონელმა ოსაკომ თავით დალაშქრა სტუმართა კარი. გოლი გარკვეულწილად მანუელ ნოიერის სინდისზეა, რომელიც კარიდან დაუფიქრებლად გამოვიდა. „ბაიერნმა“ მეორე ტაიმის სტარტზე მაინც მოიგო - თავი ისევ გნაბრიმ გამოიჩინა. „ბრემენელ მუსიკოსებს“ ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ მეორედ ვეღარ გაათანაბრეს და უქულოდ დარჩნენ. „ბაიერნი“ კი სამეულში შევიდა, მაგრამ ლიდერთან 9-ქულიანი ჩამორჩენა მაინც ვერ შეამცირა.
ეს იმიტომ, რომ „დორმტუნდმა“ მორიგი გამარჯვება იზეიმა. „ბორუსია“ საკუთარ მოედანზე „ფრაიბურგს“ მარკო როისისა და პაკო ალკასერის გოლებით ადვილად გაუსწორდა. შედეგად, „ყვითლებს“ 33 ქულა დაუგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშებას.
სხვა მატჩებიდა აღსანიშნავია „შტუტგარტის“ მოგება, რომელმაც შინ „აუგბსურგს“ აჯობა, ბოლო ადგილსა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
ბერლინის „ჰერტამ“ ვითარება გამოიკეთა „ჰანოვერის“ ძლევით, ხოლო „ჰოფენჰაიმმა“ და „შალკემ“ ჩემპიონთა ლიგაზე წაგების შემდეგ ერთმანეთს თითო პენალტი გაუტანეს და ქულები გაინაწილეს.
„დორტმუნდი“ – „ფრაიბურგი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 როისი (40, პენ), 2:0 პაკო ალკასერი (90)
„ჰანოვერი“ – „ჰერტა“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ტორუნარიგა (44), 0:2 იბიშევიჩი (73)
„შტუტგარტი“ – „აუგსბურგი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დონისი (39)
„ვერდერი“ – „ბაიერნი“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 გნაბრი (20), 1:1 ოსაკო (33), 1:2 გნაბრი (50)
„ჰოფენჰაიმი“ – „შალკე“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 კრამარიჩი (59, პენ), 1:1 ბენტალები (73, პენ)