კალათბურთი

1:30 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას და ჯენინგის “ბასკონიას” მარცხი სტამბულში

იმ დროს, როდესაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩში ესტონეთს ეპაექრებოდა, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონია” სტამბულს ესტუმრა და ევროლიგის მორიგი შეხვედრა “ანადოლუ ეფესთან” 85:96 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-სა და ევროლიგას შორის არსებული უთანხმოების გამო, ეროვნულ ნაკრებებს თამაში შესუსტებული შემადგენლობებით უწევთ, საქართველოს ეროვნულ გუნდისთვის კი, ეს, შენგელიას და ჯენინგის არყოფნაში გამოისახება.
გასულ მატჩში შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და მოედანზე მხოლოდ 19:00 წუთი გაატარა. თოკომ 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
გაცილებით შედეგიანი იყო ჯენინგი, რომელმაც 32:11 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მეტმა 2-დან 1 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (18) სწორედ ჯენინგს ჰქონდა, “ანადოლუ ეფესს” კი 16-16 ქულით ბროკ მოტუმმა და ვასილე მიჩიჩმა ულიდერეს.
“ბასკონიას” ათ ტურში უკვე 7 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 7 დეკემბერს, შინ ლიდერ მოსკოვის ცსკა-სთან ჩაატარებს.

0.113917