საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესტონეთის ნაკრებთან (80:73) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, ისრაელთან შეხვედრაში საქართველოს უკეთესი თამაშის ხარისხი დასჭირდება.
„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ეს არ ყოფილა დიდი კალათბურთი, მაგრამ ასეთ მომენტში ნორმალურია, რადგან არ გვქონია ბევრი დრო მოსამზადებლად. თუმცა, ეს იყო კარგი გამარჯვება, კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც განსხვავებული სტილის კალათბურთს თამაშობს.
ახლა ჩვენ ვეთამაშებით ისრაელს, რომელიც ძლიერი გუნდია და შესაბამისად, უკეთესი თამაშის ჩვენება დაგვჭირდება. თბილისში დარბაზი გაივსება და მხარს ბევრი გულშემატკივარი დაგვიჭერს. ესტონეთს კი წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის“, - განაცხადა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლეში 3 დეკემბერს, ისრაელის ნაკრებთან ჩაატარებს.