მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის L ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მცირე სენსაცია დაფიქსირდა. ისრაელის ეროვნულმა გუნდმა თელ ავივში ფავორიტად შერაცხული სერბეთი მიიღო და 81:74 (29:24, 14:21, 16:15, 24:14) სძლია.
თამაში თავიდან ბოლომდე ქულა-ქულაში მიდიოდა, თუმცა, ბოლოსკენ დავიდ-ოდედ კატაშის მიერ გაწვრთნილმა ებრაელებმა იმარჯვეს, რომელთაც სტუმრებს დასკვნითი ათწუთეული 24:14 მოუგეს.
ისრაელის ნაკრებში საუკეთესო 35 წლის ვეტერანი გაი პნინი იყო, რომელმაც 20:24 წუთში 5 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ, თავი 18 ქულას მოუყარა. 14 ქულა მიითვალა ჯეკ კოენმა, ხოლო იოველ ზოოსმანმა და ტამირ ბლატმა 10-10 ქულა ჩააგდეს და ამ უკანასკნელს აქტივში 9 შედეგინი პასიც ჰქონდა.
ალეკსანდრ ჯორჯევიჩის ბიჭებიდან საუკეთესო “უნიკახაში” გიორგი შერმადინის თანაგუნდელი დრაგან მილოსავლიევიჩი იყო 17 ქულით, 10-ქულიან ზღვარს კი, მარკო სიმონოვიჩი (13), მიროსლავ რადულიცა (12) და სტეფან ბირჩევიჩმაც (10) უწიეს.
ამ წარმატების წყალობით, ისრაელის ეროვნულმა გუნდმა 4 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და მე-3 ადგილზე მყოფ სერბეთს 1 გამარჯვებითღა ჩამორჩება. როგორც ცნობილია, მსოფლიო თასის საგზურს ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ებრაელები თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ჭიდილი ელით, სერბეთი კი, შინაურ კედლებში საბერძნეთს დაუხვდება. ამ დროისთვის, ქართველ კალათბურთელებს 3 მოგება და 5 მარცხი აქვთ, თუმცა, თუკი, დღეს, ტალინში, ესტონეთი დაამარცხეს, ისრაელს მე-4 ადგილიდან ჩამოაქვეითებენ.
ესტონურ-ქართული შერკინება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და ამავე დროს აიღებს სტარტს L ჯგუფის კიდევ დაპირისპირება: პატრასში ერთმანეთს დაუმარცხებელი ლიდერები (8-8 მოგება) – საბერძნეთი და გერმანია შეხვდებიან.