ესტონეთში გუშინ შუადღისას ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა ტალინის “საკუ არენაზე” საღამოს ივარჯიშა. ქართველმა კალათბურთელებმა დაისვენეს, ხოლო 19:30 საათზე იმ დარბაზს მიაშურეს, სადაც 30 ნოემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე ესტონეთს დაუპირისპირდებიან.
ქართველები არენაზე რომ მივიდნენ, ესტონელთა ვარჯიში სრულდებოდა. დასკვნით ნაწილს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დარბაზი არ დატოვეს და ილიას ზუროსთან შეთანხმებით, ჩვენი ნაკრების დასაწყისისას, ათიოდ წუთი, დარბაზში დარჩნენ. ჟურნალისტების ყურადღება გამორჩეულად იყო მიპყრობილი გიორგი ცინცაძის მიმართ, რომელიც წლების მანძილზე თამაშობდა ესტონეთში და ჩემპიონობასთან ერთად ლიგის MVP-ის ტიტულიც აქვს მოგებული.
ილიას ზუროსმა ნაკრები დიდხანს არ ავარჯიშა. ძირითადი დრო იმ კონკრეტული კომბინაციების დამუშავება-გამეორებას დაეთმო, რაზეც გაკეთდება აქცენტი დღევანდელ მატჩში. ქართველმა მოთამაშეებმა ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმეს სროლებს, ასევე ფიზმომზადებასა და ეგრედწოდებულ მოთელვებს.
საქართველოს ნაკრები თამაშის დღეს, დილის 10 საათზე კვლავ მივა “საკუ არენაზე”, თუმცა არასრულ ერთსაათიან ვარჯიშში აქცენტი ძირითადად სროლებზე, მიზნის გასწორებაზე, დარბაზის ფარებზე ხელის შეჩვევაზე გაკეთდება. ესტონეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთთან მატჩის მეორე დღეს საქართელოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება, სადაც 3 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩს ისრაელთან გამართავს.
www.gbf.ge