კალათბურთი

19:15 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ტალინში ჩავიდა (+VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტალინშია. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ესტონეთის დედაქალაქში დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ჩაფრინდა და სასტუმრო "რედისონ ოლუმიაში" დაბინავდა.

ჩვენი გუნდი თბილისიდან გამთენიისას გაფრინდა და ტალინში სტამბოლის გავლით ჩავიდა. ნაკრების წევრები საღამომდე სასტუმროში დაისვენებენ, მგზავრობის შემდეგ ძალებს აღიდგენენ და საღამოს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე „საკუ არენაზე“ ივარჯიშებენ.

ნაკრებში 12 კალათბურთელია, რომელიც ილიას ზუროსმა ტალინში გამგზავრების წინა საღამოს გამართულ ღია ვარჯიშზე შეარჩია. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ახალი სახე არაა. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ადგილი ადგილი კვლავ მოიპოვა „ოლიმპის“ უკანახაზელმა რევაზ როგავამ, რომელიც გუნდთან ერთად ბოლოს გერმანია-სერბეთში, გასული წლის ნოემბერში გამართული მატჩებისას იმყოფებოდა. კვლავ გუნდშია 17 წლის პერსპექტიული გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი და 19 წლის, თუმცა უკვე ევროპაში უმაღლეს დონეზე მოთამაშე გოგა ბითაძე.

ყველა ჯანმრთელადაა და საბრძოლველად მომართული. ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი ხვალ, 30 ნოემბერს, ტალინის „საკუ არენაზე“, 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას, თბილისის დროით 21:00 საათიდან, საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

www.gbf.ge

0.118471