კალათბურთი

16:27 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

MVP-ს ტიტული საქართველოს ნაკრების ყოფილ კალათბურთელს (+VIDEO)
ჯეიკობ პულენმა გოგა ბითაძის გარჯა გადაფარა

ადრიატიკის ლიგის მე-9 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ჯეიკობ პულენი გახდა, რომელიც ამჟამად ხორვატული “ცედევიტას” წევრია.

ზაგრელებმა გასულ ტურში სლოვენიურ კრკა-ს 104:75 სძლიეს, 29 წლის პულენმა კი მოედანზე 27:55 წუთი გაატარა და 41 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ჯეიკობმა 11-დან 10 ორქულიანი, 8-დან 5 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 43-ს გაუტოლდა, რაც ვერავინ გადაფარა.
ამასთან, ადრიატიკის ლიგის მიმდინარე სეზონში ჯეიკობი პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც 40-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.
შეგახსენებთ, რომ პულენმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წლის აგვისტოში მიიღო და ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში ითამაშა, 2015 წელს კი, უკვე, ფინალური ეტაპის განაცხადში მოხვდა და მისი საშუალო მონაგარი 7.2 ქულა, 1.2 მოხსნა და 1.7 პასი იყო.
ერთი საინტერესო ფაქტიც. რომ არა ჯეიკობის ჩინებული გარჯა, ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს გოგა ბითაძე მიიღებდა, რომელიც სარგებლიანობის კოეფიციენტის (34) მიხედვით, მე-2 მაჩვენებელი ჰქონდა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, 19 წლის ბითაძის “მეგა ბემაქსმა” შინაურ კედლებში ხორვატულ “ციბონას” 82:80 სძლია, ჩვენებური კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:50 წუთში 28 ქულა (24 მეორე ტაიმში), 6 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 13-დან 9 ორქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაარღვიეს.

0.107797