ფეხბურთი

0:58 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაბლო პერესი: "არ მინდა იმ მოედანზე თამაში, სადაც შეიძლება მომკლან!

„ბოკა ხუნიორსის“ კაპიტან პაბლო პერესს „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ თამაში არ უნდა. არგენტინელი ნახევარმცველის განცხადებით, წარმოდგენაც არ სურს რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ „ბოკა“ „რივერს“ დაამარცხებს.

პერესის აზრით, ფეხბურთელების სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგება:

„არ მინდა იმ მოედანზე შესვლა, სადაც უსაფრთხოება არაა. რა მოხდება თუ ვითამაშებთ და გავიმარჯვებთ? თუ ხალხი თამაშის დაწყებამდეა გაგიჟებული, წარმოიდგინეთ რა იქნება შემდეგ... მოგვკლავენ. არ მინდა იმ მოედანზე თამაში, სადაც შეიძლება მოვკვდე.

სირცხვილია რაც მოხდა. მეუეღლე და სამი შვილი მყავს. ქვებს ესროდნენ იმ მანქანასაც, რომლითაც საავადმყოფოში მივდიოდი“, - განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალი „რივერსა“ და „ბოკას“ შორის 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, მატჩამდე „მილიონარიოსის“ ფანები „ბოკა ხუნიორსის“ ავტობუსს თავს დაესხნენ, ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ორ ფეხბურთელს თვალები დაუზიანდათ. მათ შორის, ერთ-ერთი პერესი გახლდათ.

ჯერჯერობით უცნობია როდის და სად შედგება „სუპერკლასიკო“. კონმებოლმა საბოლოო გადაწყვეტილება სამშაბათს უნდა მიიღოს.

0.124375