ფეხბურთი

21:15 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" საქართველოს ჩემპიონია!

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი „საბურთალოა“! გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა აქამდე მისთვის არნახულ შედეგს უწია და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.

„საბურთალომ“ ისტორიული ტრიუმფი ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთადერთი კონკურენტი საჩემპიონო რბოლაში, „დინამო თბილისი“ დაამარცხა.

მატჩამდე, „საბურთალოს“ 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა და რომ წაეგო, ჩემპიონობა მაინც რეალური იქნებოდა. უბრალოდ, ახლო მომავლისთვის გადაიდებოდა. აი, გამაჯვება კი, საბურთალოელთა ჩემპიონობას ბეჭედს დაარტყამდა. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, „დინამოსაც“ სურდა ბოლომდე ბრძოლაში დარჩენა და ამასთან, მეორე ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

შეხვედრა აქტიუროად დაიწყო. თავიდან „დინამო“ დაწინაურდა. გუჯა რუხაიამ ბოლომდე იბრძოლა, ჩააწოდა და ლაზარე კუპატაძე არადამაჯერებლად გაისარჯა. შედეგად, ბურთი ბუდუ ზივზივაძეს მიუვიდა, რომელმაც დაუცველ კარში ადვილად გაიტანა და ზაურ სვანაძის გუნდი წინ გავიდა.

„საბურთალო“ ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ არ დაბნეულა და ზეწოლა გააძლიერა. ათ წუთში მასპინძლები უკვე იგებდნენ. ჯერ იყო და ვაგნერ გონსალვეშმა ლუკა ლოჩოშვილს აჯობა, რომელმაც შემტევი საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. უმაღლესის საფეხბურთო სასჯელი გოლად კოხრეიძემ აქცია და ანგარიშიც გათანაბრდა.

4 წუთში კი ისევ ვაგნერი იყო მთავარ როლში. ფრანგმა შემტევმა გურამ გოშთელიანისგან ჩინებული გადაცემა შეირგო, ლაშა თოთაძეს პოზიცია მოუგო და მეკარესთან პირისპირ გასულამ ტექნიკურად დაარტყა - 2:1. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო იყო დარჩენილი და ორივე გუნდს ცდა არ დაუკლიათ ანგარიშის შესაცვლელად, გოლი არ გასულა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „საბურთალო“ ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

„დინამოს“ კი დარჩენილ სამ ტურში მეორე ადგილის შენარჩუნებაზე მოუწევს ზრუნვა, რადგან ქუთაისის „ტორპედოს“ ოდენ კინკილა ქულით სჯაბნის. "საბურთალოს" კი ქება და ქება, გუნდი ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ და რაც მთავარია, წარმატებით მიდიოდა. ახლა თბილისელთა წინაშე ახალი გამოწვევა გადაიშალა - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველოს სახელის დაცვა მოუწევს და ბუნებრივია, შემადგენლობის გაძლიერებაც დასჭირდება...

„საბურთალო“ – „დინამო“ 2:1 (2:1)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„საბურთალო“ (4-3-2): კუპატაძე; ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი; დიასამიძე (იაშვილი 73), ცნობილაძე, გორგიაშვილი; კოხრეიძე, გოშთელიანი (ვოლკოვი 78), ვაგნერი (ტერა 55)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„დინამო“ (3-4-3): სიკაჩი; ივანისენია, თოთაძე, ლოჩოშვილი (ხარაბაძე 46); რუხაია (ერგემლიძე 88), ქარდავა (ზარია 78), ნინუა, კობოური; შულაია, ზივზივაძე, შენგელია

მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

გოლები: 0:1 ზივზივაძე (14), 1:1 კოხრეიძე (20, პენ), 2:1 ვაგნერი (24)

გაფრთხილება: ვაგნერი (50), ჩაბრაძე (60), გოშთელიანი (66) - თოთაძე (26), ზივზივაძე (58)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.251381