კალათბურთი

15:57 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები შენგელიას გარეშე - ილიას ზუროსი: "რთულ მდგომარეობაში ვართ"
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესტონეთთან და ისრაელთა მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას შეუდგა. ილიას ზუროსმა უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 21 კალათბურთელისგან შედგება.

თუმცა, ევროლიგის გამო, ეროვნულ ნაკრებს ვერც ამჯერად დაეხმარება თორნიკე შენგელია და მასთან ერთად მეტ ჯენინგიც. სამაგიეროდ, გუნდშია ტადუს მაკფადენი.

შემადგენლობა ასეთია:

გიორგი ცინცაძე (ალ-შამალი, ყატარი), ტედ მაკფადენი („გრან კანარია“, ესპანეთი), ლუკა ბულაშვილი (კულერედო, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი („ბურგოსი“, ესპანეთი), დუდა სანაძე (უგუნდოდ), მიხეილ ჭოჭუა („დინამო“), მერაბ ბოქოლიშვილი („დინამო“), რევაზ როგავა („ოლიმპი“), ლევან ფაცაცია („ქუთაისი“), სანდრო სანაძე („ტსუ ჰიუნდაი“), მიხეილ ბერიშვილი („ალ-შამალი“, ყატარი), ნიკა დარბაიძე („ოლიმპი“),ბექა ბურჯანაძე („გიპუზკოა“, ესპანეთი), სანდრო მამუკელაშვილი („სეტონ ჰოლი“, აშშ), ილია ლონდარიძე (უგუნდოდ), გიორგი შერმადინი („უნიკახა“, ესპანეთი), გოგა ბითაძე („მეგა ბემაქსი“, სერბეთი), აკაკი დვალიშვილი („ქუთაისი“), ბექა ბექაური („მარნეული“), გიორგი ტურძილაძე („კაკტუსი“), გიგი ბაქრაძე („მარნეული“).

ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან ზუროსი საბოლოოდ 12-ს შეარჩევს. საქართველოს ნაკრებმა მზადება 23 ნოემბერს დაიწყო, თუმცა საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის მოთამაშეები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოში თამაშობენ. ლეგიონერები კი, გუნდს დღეს და ხვალ შეუერთდებიან.

დღეს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ ბოისამ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართეს:

„პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა. ამ მატჩებში ვერ ითამაშებს შენგელია, რადგან ევროლიგის გამო არ უშვებენ, თორემ მასაც დიდი სურვილი ჰქონდა თამაშის. შანსი ძალიან მიზერულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რეიტინგისთვის, თვითონ მოთამაშეებისთვის, რომ ეს მატჩები მოვიგოთ. ძნელი იქნება, რადგან ისრაელი ახლა ბევრად უკეთესი გუნდი იქნება, ვიდრე ისრაელში იყო.

ჩვენს თამაშებზე ევროპაში ყველაზე მეტი მაყურებელი დადის, სამეულში ვართ და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს თამაში მოვიგოთ“, - განაცხადა ბოისამ.

ამის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს ილიას ზუროსი გუნდში არსებულ ვითარებაზე გაესაუბრა:

„მიმდინარე წელს ეს მეორე ფანჯარა იქნება და რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან მხოლოდ ორი დღე გვაქვს მოსამზადებლად, ხოლო ორი დღე პრაქტიკულად მგზავრობას დასჭირდება. ასეთ დროს რთულია, რომ გუნდი შეათამაშო, განსხვავებით წინა ფანჯრისგან, როდესაც უფრო მეტი დროც გვქონდა და თორნიკე შენგელიაც გუნდში იყო.

ესტონეთზე შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ სუსტი გუნდია, მაგრამ ასე არაა და ისრაელი საკუთარ მოედანზე საკმაოდ ადვილად დაამარცხა. ჰყავს ახალგაზრდა მოთამაშეები და ახლა გამოცდილ მოთამაშეებსაც უხმო, რადგან დარჩენილ თამაშებში გამარჯვების მოპოვება სურს.

რაც შეეხება ისრაელს, ჯგუფიდან გასვლის ამბიცია აქვს და უახლოეს შეხვედრებში ევროლიგის მოთამაშეებიც ეყოლება, რომლებიც „მაკაბიში“ თამაშობენ. ასე რომ ეს გუნდი, რასაც წარმოადგენს, ყველამ კარგად იცის. არ შემიძლია, არ აღვნიშნო გულშემატკივრების ფაქტორი, რომლებიც ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევენ, განსაკუთრებით ასე იყო საბერძნეთთან და იმედი მაქვს, ახლაც ასე იქნება, გულშემატკივრები მრავლად მოვლენ სპორტის სასახლეში და გვერდში დაგვიდგებიან.

პრობლემები გვაქვს, მარკოიშვილს ტრავმა აქვს და ვერ დაგვეხმარება. რამდენიმე ლეგიონერი კი სასურველ ფორმაში არაა. თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე გვაქვს და ალბათ, ჯადოქარი უნდა იყო, რომ გუნდი იდეალურად მოამზადო. ეს არ ეხება რა თქმა უნდა, მარტო საქართველოს ნაკრებს, ყველა გუნდი ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ აქედან დადებითი მომენტი ისაა, რომ გუნდებს, რომლებიც სისტემატურად ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობენ, უპირატესობა ექნებათ.

რთულია სხვა და სხვა სისტემაში მოთამაშე კალათბურთელების ასეთ მოკლე პერიოდში ერთ სისტემაში მოქცევა, მაგრამ ამ ბიჭებს ერთად არაერთხელ უთამაშიათ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

მაკფადენი მაღალი დონის კალათბურთელია, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რთულია ორ დღეში გუნდის სათამაშო სისტემასთან მორგება. თუმცა, ის კარგი მოთამაშეა, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, მაკლ დიქსონი და მეტ ჯენინგი, რომლებმაც საუკეთესო კუთხით დაგვანახეს თავი. იმედია, მაკფადენიც შეეწყობა გუნდს და ასევე კარგად ითამაშებს.

და, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ ექსპერიმენტები ჩავატაროთ. ჩვენს გუნდში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშეა და შეიძლება ამ ორ თამაშში მიეცეთ შანსი, რომ თვითრწმენა გაუძლიერდეთ, მიიღონ გამოცდილება და რაც მთავარია, გამოგვადგნენ შემდეგ ოფიციალურ თამაშებში, რომლებიც გველის ამ საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს, ტალინში ესტონეთს დაუპირისპირდება, ხოლო 3 დეკემბერს, თბილისში, ისრაელს უმასპინძლებს.

0.103481