კალათბურთი

16:17 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე და მაკფადენი სიმბოლურ ნაკრებში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთბაშად 2 კალათბურთელი – ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი მოხვდა. 24 წლის ბურჯანაძეს ფარზე შედეგიანი თამაში დაუფასდა, 31 წლის მაკფადენს კი – 6 ზუსტი სამქულიანი.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტი” გასულ უქმეებზე “ვალენსიას” ესტუმრა და 62:77 დამარცხდა, ქართველ მძიმე ფორვარდს კი 11 მოხსნა ჰქონდა, რაც მთელს ტურში ვერავინ გადაფარა. ვალენსიურ მატჩში ბექამ მოედანზე 27:50 წუთი გაატარა და აქტივში 10 ქულა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველი ორმაგი დუბლის შესრულება შესძლო.
მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” სტუმრად “სან ბაბლო ბურგოსთან” 68:79 წააგო, ამერიკელმა უკანახაზელმა კი შესაშური ჩუბინობა გამოიჩინა და 13-დან 6 შორეული ტყორცნა გამოიყენა. თადი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:25 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
ლიგა ენდესას მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ბურჯანაძისა და მაკფადენის გარდა, ბო მაკკალები (“სარაგოსა”, სარგებლიანობის კოეფიციენტი 28), მარსელინიო უერტასი (“ბასკონია”, 24 ქულა) და გორან ჰუსკიჩიც (“სან პაბლო ბურგოსი”, 9 პასი) მოხვდნენ.
ვთქვათ ისიც, რომ ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტს” 2 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, შინ, “მურსიასთან” გამართავს. თავის მხრივ, მაკფადენის “იბეროსტარს” 6 მოგებითა და 4 მარცხით მე-5 პოზიცია უკავია, ხოლო შემდეგ თამაშს 9 დეკემბერს, ისევ სტუმრად, “ბარსელონასთან” ჩაატარებს.

0.118319