ფეხბურთი

1:45 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო იტალიის ვიცე-პრემიერს: "უმჯობესია პოლიტიკაზე იფიქრო და არა "მილანზე!"

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „მილანი“ რომში „ლაციოს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა (1:1). „როსონერიმ“ 78-ე წუთზე მოახერხა დაწინაურება და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში „ლაციალემ“ ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ ჯენარო გატუზომ არცერთი ცვლილება არ გამოიყენა და „მილანმა“ იმ შემადგენლობით დაასრულა თამაში, რითაც დაიწყო. სწორედ ამის გამო „როსონერის“ თავკაცი ნამატჩევს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ გააკრიტიკა.

ცნობისთვის, სალვინი „მილანის“ გულშემატკივარია და ზემოხსენებულ შეხვედრას „სტადიო ოლიმპიკოს“ ტრიბუნებიდან რომაელთა პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთან ერთად მიადევნა თვალი.

სალვინიმ განაცხადა, რომ გატუზოს შეცვლა უნდა გაეკეთებინა:

„გატუზოს ადგილზე რომ ვყოფილიყავი ცვლილებებს გავაკეთებდი. ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ და ამ მოტივით არ მესმის, რატომ არ შეცვალა არაფერი მეორე ტაიმში. თუმცა, ასეც კარგია“, - აღნიშნა სალვინიმ.

რა თქმა უნდა, ჯენარო გატუზოს აღნიშნული განცხადება უყურადღებოდ არ დაუტოვებია და სალვინის მოუწოდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე იფიქროს და არა ფეხბურთზე:

„სალვინი უკმაყოფილოა, რადგან ცვლილებები არ გავაკეთე? მისმინეთ, მე არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე, რადგან ამ სფეროში არაფერი ვიცი. მე ვეტყვი მას, რომ იფიქროს პოლიტიკაზე და ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე. თუ ვიცე-პრემიერი ფეხბურთზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ ცუდ ფორმაში ვართ“, - თქვა გატუზომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113207