22 წლის კომუსუბი ტაკაკეიშო “იმპერატორის თასის” მფლობელი კარიერაში პირველად გახდა. იაპონელმა სუმოისტმა ჩემპიონობა 2018 წლის დასკვნითი სუპერტურნირის ბოლო დღეს (სენსურაკუ) გაიფორმა, როდესაც აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის ჰატაკიკომით სძლია.
ტაკაკეიშომ, რომელიც ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ, კიუშიუ ბაშო 13 მოგებით დაასრულა, მის ტრიუმფს კი ხელი დასავლეთის პირველმა ოძეკი ტაკაიასუმაც შეუწყო, რომელიც დღეს აღმოსავლეთის პირველ სეკივაკე მიტაკეუმისთან სუკუინაგეთი დამარცხდა და 12 მოგების ამარა დარჩა.
სათქმელია ისიც, რომ ტაკაკეიშოს ერთბაშად 2 პრესტიჟული ჯილდო – კანტოშო და შუკუნშო ერგო, შესაბამისად, მებრძოლის სულის გამოვლინებისა და იოკოძუნასთან და ოძეკებთან შედეგიანი ჭიდილისთვის.
ნოემბრის ბაშო 8 მოგებითა და 7 მარცხით დაასრულა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რაც იმის მომასწავებელია, რომ ის ოძეკის პრესტიჟულ წოდებას შეინარჩუნება. დღეს, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა შოჰოძანს გაეჯიბრა და უვატენაგეთი წააგო.
საინტერესოა, რომ ქართველმა და იაპონელმა სეკიტორებმა ეპიკური ორთაბრძოლა გადაიტანეს და ერთმანეთის პირისპირ ერთბაშად 3-ჯერ (!) მოუხდათ დადგომა.
პირველი შეხლისას ჩვენებურმა მეტოქის დოჰიოზე დაგდება მოახერხა, თუმცა, მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე ოიაკატა ფუძისიმამ გიოჯის (მსაჯი) ანიშნა, რომ შოჰოძანი სტარტამდე თიხას მუშტებით არ შეხებია, ეს კი, აუცილებელი პირობაა.
მე-2 შემთხვევაში ორთაბრძოლა უკვე თავად გიოჯიმ გააჩერა, მე-3 ცდისას კი, ქართველმა გოლიათმა იაპონელი მეტოქე დოჰიოს მიღმა გაიყვანა, თუმცა, რიგორც სჩანს, დღეს გამარჯვების დაფიქსირება არ ეწერა. მონოიმ (მსაჯთა კოლეგია) დაადგინა, რომ ბოლო ბიძგამდე, ტოჩინოშინმა მარჯვება ფეხი ტავარას მიღმა გადადგა.
დასანანი მარცხი კი გახლდათ, თუმცა, 2018 წელი ქართველი სუმოისტისთვის უდავოდ წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტულს კარიერაში პირველად უწია და ამასთან სეზონი 59 მოგებით დაასრულა, რაც წლის საუკეთესო მაჩვენებელია.