არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული უნდა გარკვეულიყო, მაგრამ ყველაფერი ქაოსში გადაიზარდა. „რივერისა“ და „ბოკას“ მატჩამდე, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები სტუმართა გუნდის ავტობუსს თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს.
შედეგად, ავტობუსის მინები ჩაიმსხვრა, რამაც „ბოკას“ ორი ფეხბურთელი, კაპიტანი პაბლო პერესი და გონსალო ლამბარო დააზიანა. შუშის ნამსხვრევები ფეხბურთელების თვალებში აღმოჩნდა.
- რივერის ფანების აგრესია ბოკას ავტობუსზე (VIDEO)
- რივერის ფანებმა ბოკას ავტობუსს ქვები დაუშინეს (VIDEO)
- სიტუაცია ბოკას გასახდელში ინციდენტის შემდეგ
თუმცა, ეს ყველაფერი არ ყოფილა - „რივერის“ ფანებმა გაზი გაუშვეს ავტობუსიდან „ბოკას“ გასახდელამდე, რის გამოც სტუმართა რამდენიმე ფეხბურთელი მოიწამლა. მათ შორის, კარლოს ტევესიც:
„ჩვენ არ შეგვიძლია თამაში, მაგრამ ისინი ამის გაკეთებას გვაიძულებენ“, - განაცხადა ტევესმა.
Tyc Sports-ის ცნობით, საქმეში ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ჩაერთო, რომელიც „ბოკას“ პრეზიდენტ დანიელ ანგელიკს ესაუბრა და განუცხადა, რომ თუ მისი გუნდი თამაშზე უარს იტყოდა, ავტომატურად წაგება ჩაეთვლებოდა. საბოლოოდ, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:15 საათზე (თბილისის დროით 02:15 საათზე) დაეწყოთ.
თუმცა, მატჩი მაინც არ შედგა. საბოლოო ინფორმაციით, „სუპერკლასიკო“ ხვალ, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 00:00 საათზე) გაიმართება. ბუნებრივია, თუ „მონუმენტალის“ მიმდებარედ ვითარება ისევ არ დაიძაბა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდთა პირველი დაპირიპირება „ბომბონერაზე“ ფრედ 2:2 დასრულდა. საგულისხმოა, რომ თავიდან დათქმულ დროს არც ის მატჩი დაწყებულა. თუმცა, მაშინ მიზეზი ძლიერი წვიმა და უამინდობა გახლდათ.