იაპონიის ქალაქ ოსაკას გრანდ სლემის მე-2 დღეს ტატამზე სამ ქართველ ძიუდოისტს ველოდით, თუმცა, საქმეში მხოლოდ ერთი ვიხილეთ. ამგვარად, ძიგორო კანოს სახელობის მემორიალის 2 დღის თავზე სავალალო ვითარება გვაქვს: განაცხადში მყოფი 5 ქართველიდან მხოლოდ ორმა იასპარეზა და საუკეთესო შედეგი რეპეშაჟში გასვლა იყო.
შეგახსენებთ, რომ შაბათს მედლებისთვის 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილის გამოსვლას ველოდით, 81-ში კი – ბადეში ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი იყვნენ.
საბოლოოდ, ტატამზე მხოლოდ ტატალაშვილი გავიდა, რომელმაც ყირგიზ ერლან შეროვს 3 შიდო აჰკიდა, შემდეგ კი, ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან ვაზარით წააგო და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.
ოსაკას გრანდ სლემი ხვალ, 25 ნოემბერს დასრულდება და თუკი კიდევ არაფერი შეიცვალა, მედლებისთვის სამმა ქართველმა ძიუდოისტმა უნდა იბრძოლოს.
უშანგი მარგიანი (90 კგ.) მე-2 წრეში ავსტრალიელ სებასტიან ტემესისა და ფინელი სამული ვიიტანენის შეხვედრაში გამარჯვებულს გაეჯიბრება, პირველი განთესვის მქონე ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) კი ფიჯელ ტევიტა ტაკაიავასა და ყაზახი ადილხან კოზიბაიევს შორის უმჯობესს შეერკინება.
მძიმე წონაში (+100 კგ.) ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება გურამ თუშიშვილი, რომელსაც ასევე პირველი ნომერი გააჩნია და გრანდ სლემში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, სადაც მისი მოწინააღმდეგის ვინაობა სლოვენიელი ენეი მარინიჩისა და ჰოლანდიელი ჰენკ გროლის შეხვედრაში გაირკვევა.