ფეხბურთი

10:58 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

წლის შეჯამება: უჩვეულო მოსავალი
საქართველოს ნაკრები და 2018 წელი

2018 წლის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის წელი დასრულდა. დასრულდა მაჟორულ ნოტაზე, ისე, როგორც დაიწყო და ისე, როგორც მიმდინარეობდა.

რთულია გავიხსენოთ, მეტიც, არ ყოფილა შემთხვევა, საქართველოს ნაკრებს ასეთი წარმატებული კალენდარული წელი ჰქონოდეს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კალიბრის მეტოქეებიც ასე მიყოლებით არასდროს ჰყოლია, მაგრამ უეფას საჩუქარი, რომელსაც ერთ ლიგა ჰქვია, ასეთია და შეუძლებელია რეალობას თვალი ავარიდოთ. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში ასეთი უხვი მოსავალი არ ჰქონია და საქართველოს ნაკრებისთვის 2018 წელი ისტორიაში შევა. ისიც ფაქტია, გუნდმა ამ დროისთვის დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა და სხვა ყველაფერი უკანა პლანზე იწევს.

თანაც, მოდით ვაღიაროთ და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც „ჯვაროსნებს“ დაბალი დონის მეტოქეებთანაც წაუფორხილებია და მეტოქეებისთვის ისტორიის დაწერის საშუალება მიუცია. რომელი ერთი გავიხსენოთ?! თუნდაც, ყაზახეთის ნაკრები, რომელმაც უეფას წევრის სტატუსით პირველი, ისტორიული ქულა სწორედ თბილისში მოიპოვა.

რატომ გავიხსენეთ მაინც და მაინც ყაზახეთი? - რთულია იმის თქმა, რომ მაშინდელი ნაკრები დღევანდელს რამით აღემატებოდა, მიუხედავად ამისა, ამჯერზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახებს გასაქანი არ მისცა და სხვათა შორის, თბილისში საერთოდაც პირველად დაამარცხა. თუმცა, ყაზახეთამდე იყო სხვა მატჩებიც და მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით...

2018 წელი საქართველოს ნაკრებმა 24 მარტს, „მიხეილ მესხზე“ ლიეტუვასთან სპარინგით გახსნა. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა გიორგი ჩაკვეტაძის სანაკრებო დებიუტი და იმთავითვე გამოჩნდა, რომ მალე „ჯვაროსნების“ ლიდერად ჩამოყალიბდებოდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთობ ფეერიული ფეხბურთი აჩვენა და ბალტიისპირელები გაანადგურა - 4:0. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ყველა გამოირჩეოდა სილამაზით. თუნდაც გიორგი პაპუნაშვილის გოლი, რომელიც ეფექტურ კომბინაციას მოჰყვა. ან ვაკო ყაზაიშვილის შორეული გასროლა გარე ტერფით და... და, გიორგი ჩაკვეტაძის სადებიუტო გოლი, რომელიც იმხანად, ჯერ კიდევ 18 წლის ვუნდერკინდის შემოქმედება გახლდათ.

ამ დღეს, კარგი ამბების გარდა ცუდიც იყო. ჯანო ანანიძემ მატჩის დასაწყისშივე უმძიმესი ტრავმა მიიღო და აგერ, ნახევარ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯანო ჩვეულ კონდიციებში ვერა და ვერ დაბრუნდა...

საქართველო - ლიეტუვა 4:0

24 მარტი, 2018. თბილისი, „მიხეილ მესხი“

ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (დვალი 61), ნავალოვსკი; კანკავა (კვეკვესკირი 62), გვილია; ყაზაიშვილი (მერებაშვილი 83), ანანიძე (პაპუნაშვილი 11), ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69); ქვილითაია (არაბული 73)

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31, პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40)

სამი დღის თავზე, იმავე სტადიონზე ვაისის გუნდმა კიდევ ერთი ბალტიისპირელი მეტოქე მიიღო. ამჯერად ესტონეთი და ამჯერადაც ადვილი გამარჯვება მოიპოვა. თამაში არ იყო ისეთი ფეერიული, როგორც ლიეტუვასთან, მაგრამ მისი ბედი პირველივე ტაიმში გაირკვა. სადებიუტო გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით ჯიმი ტაბიძემ, ხოლო მერე ვაკო ყაზაიშვილმა ისევ გამოიჩინა თავი. აღნიშნულ შეხვედრაში არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ლიეტუვასთან დებიუტის შემდეგ ბელგიაში გაფრინდა და „გენტს“ შეუერთდა. ასეთი იყო მხარეების შეთანხმება თავიდანვე და ბუნებრივია, სიტყვა ორივემ შეასრულა.

საერთოდ ჯამში ამ ორ სპარინგში ბევრი სიგნალი გამოჩნდა. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებმა ითამაშა პირველ ნომრად იმ დონის გუნდებთან, რომლებთანაც ერთა ლიგა ელოდებოდა. პრინციპში, სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი.

საქართველო - ესტონეთი 2:0

27 მარტი, 2018. თბილისი, „მიხეილ მესხი“

მაკარიძე; კაკაბაძე, კვირკველია (კაშია 84), ტაბიძე, შერგელაშვილი (დვალი 63); კანკავა, კვეკვესკირი; პაპუნაშვილი (აბურჯანია 83), ყაზაიშვილი, მერებაშვილი (ჯიღაური 63); კაჭარავა (არაბული 70, ქვილითაია 77)

გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)

შემდეგ იყო ავსტრიული შეკრება და გადახალისებული შემადგენლობა. საქართველოს ნაკრები ქალაქ შვარცში მართლაც ახალი შემადგენლობით შეიკრიბა და ბევრ ისეთ ფეხბურთელს მიეცა შანსი, რომელთაც მანამდე ეროვნულ ნაკრებში იშვიათად ან საერთოდ რომ ვერ ვხედავდით.

ალბათ, სწორედ ეს პერიოდი იყო საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე წარუმატებელი 2018 წელს. 1 ივნისს, შვარცში „ჯვაროსნებს“ სპარინგობა მალტამ გაუწია და დიდ წინააღდგებობასაც გადააწყდა. თამაშის ხარისხიც არ იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა საქართველომ მაინც მოიგო. ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გურამ კაშიამ გაიტანა. საგულისხმოა ის, რომ საქართველოს ნაკრები თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული იყო მოედანზე და ასეთ ვითარებაში გამარჯვება უდაოდ გახლდათ პოზიტიური სიგნალი.

საქართველო - მალტა 1:0

1 ივნისი, 2018. შვარცი, ავსტრია

კვასხვაძე; გეგეჭკორი (ხოჭოლავა 68), კვირკველია, კაშია, დვალი; აბურჯანია (ნავალოვსკი 78), გვილია; ლობჟანიძე (ბერიძე 68), კიტეიშვილი (შერგელაშვილი 90), ჭანტურიშვილი (ხარაიშვილი 71); ზივზივაძე (კაჭარავა 71)

გოლი: 1:0 კაშია (89, პენ)

4 დღის შემდეგ საქართველო ლუექსემბურგს ეწვია და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრა. სწორედ მაშინ დამარცხდნენ „ჯვაროსნები“ პირველად და როგორც შემდგომ გაირკვა, ბოლოჯერ. საერთოდაც, შედეგს რომ თავი დავანებოთ, ხარისხობრივადაც ეს იყო ყველაზე სუსტი 90 წუთი. შედეგად, ლუქსემბურგმა მოიგო და მიწაზე დაგვაბრუნა. ალბათ, დროული სილა გაგვაწნა მეტოქემ და სააშკარაოზე გამოიტანა პრობლემები.

ლუქსემბურგი - საქართველო 1:0

5 ივნისი, 2018. ლუქსემბურგი, „ჟოზი ბართელი“

მაკარიძე; ჯიღაური (გეგეჭკორი 89), კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (შერგელაშვილი 79); კანკავა, აბურჯანია (კიტეიშვილი 56); ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი (დვალი 56), ბერიძე (ლობჟანიძე 46); კაჭარავა (ზიზვივაძე 62)

გოლი: 1:0 იოახიმი (69)

და, შემდეგ მოვიდა შემოდგომაც და მოვიდა უმნიშვნელოვანესი, ერთა ლიგის ჯერიც. საქართველოსთვის ისტორიული ეტაპი ასტანადან დაიწყო, სადაც შეხვედრა 6 სექტემბერს შედგა. ვლადიმირ ვაისის გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი ტრადიციულად ტრავმების გამო დააკლდა, მაგრამ გუნდში იყო გიორგი ჩაკვეტაძე. ის ჩაკვეტაძე, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით იქამდე ერთადერთი თამაში ჰქონდა ჩატარებული.

სწორედ „გენტის“ შემტევმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. ჩაკვეტაძემ „ასტანა არენაზე“ ულამაზესი დარტყმით გახსნა ანგარიში. ანგარიში არამარტო შეხვედრაში, არამედ ერთა ლიგის ისტორიაში. დიახ, ეს იყო ამ ტურნირის ეგიდით პირველი თამაში და შესაბამისად, პირველი გოლიც. 5 წუთის შემდეგ საქართველომ მეორე გოლი გაიტანა და ამაში ჩაკვეტაძეს ისევ ლომის წილი მიუძღოდა. გიორგის აქტივობის შედეგად, კარში ვაკო ყაზაიშვილმა დაარტყა, ხოლო გოლი ყაზახი მცველის, მალის ფეხიდან გავიდა.

საბოლოოდ, საქართველომ მოიგო. მოიგო იმ მეტოქესთან, რომელიც საყოველთაო მოსაზრებით ჯგუფში მთავარი კონკურენტი უნდა ყოფილიყო და ეს აზრი რეალობასთან ძალიან ახლოს იყო.

ყაზახეთი - საქართველო 0:2

6 სექტემბერი, 2018. ასტანა, „ასტანა არენა“

ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; მერებაშვილი, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 75); ქვილითაია (გვილია 65)

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (74. ა.გ)

საქართველოს ნაკრები ასტანიდან თბილისში დაბრუნდა და მეორე ტურისთვის დაიწყო მზადება, რომლის ეგიდით ლატვიის ნაკრები ელოდებოდა. ლატვიას ცუდი პერიოდი აქვს, მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ არ იქნებოდა ადვილი ბალტიისპირელთა გატეხვა. ასეც მოხდა. საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებდა. იყო მეორე ფაქტორიც - მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა და ასეთ დროს გაცილებით მაღალი კლასის გუნდებს უჭირთ მეტოქის დაცვისთვის გასაღების მორგება.

და, ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი? ისევ გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც პენალტი არაფრისგან გამოიმუშავა და თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად დაარტყა. ხარისხი იქეთ იყოს და, საქართველომ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო ჯგუფში, რისი წყალობითაც, კონკურენტებს 4 ქულით გაასწრო, რაც ორი ტურის თავზე ჩინებული ჰანდიკაპი იყო.

საქართველო - ლატვია 1:0

9 სექტემბერი, 2018. თბილისი, „დინამო არენა“

ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი (გვილია 81), ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85); კაჭარავა

გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)

მესამე ტურში საქართველოს ნაკრებს ანდორასთან თამაში ელოდებოდა. მეტოქე, რომელიც ჯგუფის მაჩანჩალად იყო მიჩნეული, მაგრამ კოლდო ალვარესის გუნდმა ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლა და ქულებიც დააგროვა. თუმცა, უქულოდ დატოვა თბილისი.

საქართველოს ნაკრები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და ადვილად მოიგო. ამჯერად, გორგი ჩაკვეტაძემ იმდენად არ გაუბრწყინია, როგორც წინა ორ მატჩში, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილმა იტვირთა ლიდერის როლი. სწორედ მან შეასრულა დუბლი და მეტოქე გატეხა, ხოლო წერტილი ჯაბა კანკავას თავურმა დასვა. კაპიტანმა იმ თამაშში ბევრი იბრძოლა და გოლიც ბრძოლის შედეგი იყო. გოლი, რომელიც დაიმსახურა.

საქართველო - ანდორა 3:0

13 ოქტომბერი, 2018. თბილისი, „დინამო არენა“

ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, კანკავა; ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ანანიძე 68), ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 90); კაჭარავა (გვილია 81)

გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (33), 2:0 ყაზაიშვილი (84), 3:0 კანკავა (90)

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო თამაში რიგაში ჩაატარა. ეს ეხება არამარტო შედეგს, ანგარიშს, არამედ თამაშის ხარისხსაც. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მასპინძლებს გასაქანი არ მისცა და თავისუფლად შეიძლებოდა გაცილებით დიდი ანგარიშით გამარჯვებაც.

შეხვედრა ვაკო ყაზაიშვილის გაცუდებული პენალტით დაიწყო, მაგრამ არ გასულა სამი წუთი და ჯაბა კანკავამ ულამაზესი, უძლიერესი დარტყმით მეკარე ვანინსი უშანსოდ დატოვა. მერე გახლდათ გიორგი ჩაკვეტაძის წარმოდგენა. ჯერ იყო და ვაკო გვილია შეატოვა მეკარეს პირისპირ და თანაგუნდელმაც გარჯა დაუფასა, ხოლო მეორე ტაიმში თავად გაინავარდა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზში და მორიგი გოლი გაიტანა - 0:3.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და 4 ტურის შემდეგ გაინაღდა პირველი ადგილი. ვაისის გუნდი გახდა პირველი D დივიზიონში, რომელმაც პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად გაიფორმა!

ლატვია - საქართველო 0:3

16 ოქტომბერი, 2018. რიგა, „დაუგავა არენა“

ლორია; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი; კანკავა (აბურჯანია 34), კვეკვესკირი; მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 89); ყაზაიშვილი

გოლები: 0:1 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)

გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5, მეკარე)

საქართველოს ნაკრები მეხუთე ტურისთვის ანდორას ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი გარანტირებული გახლდათ, თამაშს მაინც არ ეთქმოდა უმოტივაციო. საკითხი შემდეგნაირად იდგა: ბოლო ორ ტურში „ჯვაროსნებს“ მინიმუმ 4 ქულა უნდა დაეგროვებინათ, რაც საშუალებას მისცემდა, რომ დივიზიონი საუკეთესო შედეგით დაესრულებინა. ეს კი, მოუტანდა მასპინძლის სტატუსს ნახევარფინალში და ამასთან, ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვის მეოთხე კალათაში განთესვას.

თუმცა, ანდორაში საქართველოს ნაკრებმა გამოცდა ვერ ჩააბარა. ერთა ლიგაზე პირველი ქულებიც დაკარგა და პირველი გოლიც გაუშვა. ეს მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ, რომლის სანახავადაც სტადიონზე „ბარსელონას“ სკაუტები იყვნენ, დასაწყისშივე გახსნა ანგარიში. გოლის შემდეგ საქართველომ ფეხბურთის თამაში შეწყვიტა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენს ელოდებოდა. ამ ლოდინში კი, ანდორამ ანგარიში გაათანაბრა. ჩვენ გაგვაბრაზა და თვითონ ძალიანაც გაიხარა.

ანდორა - საქართველო 1:1

15 ნოემბერი, 2018. ანდორა, „ესტადი ნასიონალი“

ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, გვილია (ზარანდია 88); ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 78), ჩაკვეტაძე; არაბული (კაჭარავა 78)

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

წლის ბოლო მატჩი თბილისში შედგა. ყაზახეთთან, საქართველოს მხოლოდ გამარჯვებდა სჭირდებოდა იმ დავალებათა შესასრულებლად, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. პირველი ტაიმი საკმაოდ რთული გამოდგა და რომ არა გიორგი ლორია, ყაზახეთი ანგარიშსაც გახსნიდა. საპასუხოდ, საქართველო ბურთს ფლობდა, მეტოქის საჯარიმოსთან ტრიალებდა, მაგრამ მომენტებს პრაქტიკულად ვერ ქმნიდა.

ყველაფერი შეიცვალა მეორე ნახევარში. შეიცვალა გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენალური თამაშის შედეგად, რომელმაც სხვათა შორის, პირველ ნახევარშიც არ მისცა ყაზახ მცველებს მოსვენება. გიორგიმ 59-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გაილაღა და გიორგი მერებაშვილს საგოლედ უპასა, რომლის თავურმაც მიზანს ძალიან დაგვაახლოვა. მეორე გოლი უკვე თავად ჩაკვეტაძემ გაიტანა თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე და ყველაფერი ნათელი გახდა. ბოლოს, სტუმრებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს, მაგრამ ამით ხასიათი ვერ წაგვიხდინეს.

საქართველოს ნაკრებმა მისია შეასრულა. ავად თუ კარგად, ასეა და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. არ გვითამაშია, გერმანიის, იტალიის ან თუნდაც პოლონეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მიღწევას არ აკნინებს, პირიქით...

საქართველოს ნაკრები საუკეთესო შედეგით გავიდა ნახევარფინალში, მიიღო მასპინძლის სტატუსი და შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვისაც მეოთხე კალათაში ამოჰყო თავი.

საქართველო - ყაზახეთი 2:1

19 ნოემბერი, 2018. თბილისი, „დინამო არენა“

ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი; კანკავა, კვეკვესკირი; მერებაშვილი, გვილია (კაჭარავა 75), ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90); ყაზაიშვილი

გოლები: 1:0 მერებაშვილი (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 2:1 ომირტაიევი (90)

10 თამაში, 8 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება 19:3 ბურთების ბალანსი - ალბათ, ერთი წლის კვალობაზე, ბარე-ორი გუნდი მოაწერდა ხელს ასეთ შედეგებზე.

ხსენებული 19 გოლიდან 5 ჩაკვეტაძის ანგარიშზეა, 4 ყაზაიშვილის, 2 კანკავას, თითო კაშიას, ტაბიძის, ოქრიაშვილის, პაპუნაშვილის, მერებაშვილის, ქვილითაიას, გვილიას, ხოლო ერთიც ყაზახმა მალიმ ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა.

2018 წელი ახლა წარსულის კუთვნილებაა. იყო შეცდომები, იყო ხარვეზები, მაგრამ იყო დადებითი მომენტებიც. მაგალითად, ნათლად ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები არის გუნდი. გუნდი, რომელიც ერთმუშტადაა შეკრული და მიიწევს დასახული მიზნისკენ. ასეთი საქართველოს ნაკრები კი, ხშირად ნამდვილად არ გვინახავს.

საერთოდ, 2018 წელი იმითაც უნდა გამოვარჩიოთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძისა და ეროვნული ნაკრების ისტორიის ათვლა დაიწყო. რაც უნდა სუსტ მეტოქეებზე ვისაუბროთ, საწყის 7 მატჩში 5 გოლი, 2 საგოლე პასი, 1 გამომუშავებული პენალტი და ვინ მოთვლის, რამდენი დასამახსოვრებელი მომენტი, 19 წლის ფეხბურთელისთვის მართლაც ბრწყინვალე შედეგია. თუმცა, მთავარია, გიორგი მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს. შრომისმოყვარეობისა და მოტივაციის მაგალითი არათუ ახლა, არამედ კარიერის ნებისმიერ ეტაპზე, თავისი კუმირისგან, კრიშტიანუ რონალდუსგან აიღოს!

ერთა ლიგის ნახევარფინალში კი, საქართველოს ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშებს. მეტოქეს ვიცნობთ და მეტოქეც გვიცნობს, თუმცა, შანსი არსებობს, თანაც, „დინამო არენაზე“. ახლა, ერთი ეგაა საფიქრალი, რომ ნახევარფინალი მეტისმეტად შორსაა. რა იქნება 2020 წლის გაზაფხულზე, კაცმა არ იცის. არც ის ვიცით, ვინ გვეყოლება ჩვეულებრივ შესარჩევ ციკლში მეტოქეები, თუმცა ამას მალე, 2 დეკემბერს გავიგებთ. მთავარია, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მიზნამდე ორი გამარჯვება, ორი ურთულესი ნაბიჯი დარჩა...

0.118303