ძიუდო

14:27 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილი რეპეშაჟში დამარცხდა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში სტარტი აიღო ძიგორო კანოს სახელობის მემორიალმა, რომელშიც საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებიც არიან ჩართულნი. დღეს, საქმეში 2 ჩვენებური უნდა გვეხილა, თუმცა, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ტატამზე არ გასულა.

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ.), მან საწყის ორთაბრძოლაში პერუელი ხუან პოსტიგოსი დააიპონა, შემდეგ ამერიკელ ალაა ელ იდრისის ვაზარით სძლია, მეოთხედფინალში კი იაპონელ ტარო ფუჯისაკასთან იპონზე დაეცა. ამგვარად, ვაჟა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ასევე იპონით რუს ისლამ ხამეტოვთან დამარცხდა.
ვთქვათ ისიც, რომ 60 კგ-ში ჩემპიონობა იაპონელმა რიუჯუ ნაგაიამამ იზეიმა, რომელმაც ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი იაგო აბულაძე დაამარცხა. 66 კგ-ში პირველ ადგილზე კიდევ ერთი მასპინძელი იოშირო მარუიამა გავიდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე ჰიფუმი აბეს აჯობა.
იაპონელთა ჰეგემონიით წარიმართა გრანდ სლემის ქალთა ტურნირიც, სადაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ფუნა ტონაკი (48 კგ.) და უტა აბე (52 კგ.) ავიდნენ. ამგვარად, დღეს ოსაკაში იაპონიის ჰიმნი 4-ჯერ აჟღერდა.
ხვალ, ვაჟთა შეჯიბრზე მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქმეში სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) პირველ ნომრადაა განთესილი და მე-2 რაუნდში მისი მეტოქე ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო იქნება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ეყოლება: ნუგზარ ტატალაშვილი ძალებს ყირგიზ ერლან შეროვთან მოსინჯავს, ხოლო ზებედა რეხვიაშვილი პირველივე წრეში იაპონელ კენია კოჰარას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113834