ავტოსპორტი

3:25 | 23.11.2018 | ნანახია 515 - ჯერ

კუბიცა დაბრუნდა

პოლონელი მრბოლი რობერტ კუბიცა, რომლის ფორმულა 1-ის კარიერაც, რამდენიმე წლის წინათ მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო, თითქოს დასრულებული იყო, დიდი პრიზების არენაზე ბრუნდება. მას მეორე შანსს „უილიამსი“ აძლევს.

33 წლის კუბიცამ მძიმე ტრავმა 2011 წლის სეზონის წინ, იტალიის ერთ-ერთი რალის დროს მომხდარი ავარიის შედეგად მიიღო. ექიმებმა რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ძლივს მოახერხეს მისი მარჯვენა ხელის გადარჩენა. უფრო მეტიც, მისი ფუნქცია თითქმის სრულად აღადგინეს. ყოველ შემთხვევაში იმდენად, რომ რბოლებში მონაწილეობა შეუძლია.

კუბიცა, ვისაც ფორმულა 1-ში თავისი ერთადერთი გამარჯვება 2008 წელს, „ბეემვე ზაუბერთან“ ერთად, კანადაში აქვს მოპოვებული, „უილიამსში“ მომავალ წელს პარტნიორობას „მერსედესის“ პროტეჟეს, ფ1-ის ახალბედა ჯორჯ რასელს გაუწევს.

„ეს არის შემთხვევა, რისიც ალბათ არავის სჯეროდა. ერთადერთს ამის მე მჯეროდა, რადგან დანებება არ მჩვევია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, - აბუ დაბიში განაცხადა კუბიცამ, ვინც ჟურნალისტებს გუნდის შეფმა, კლერ უილიამსმა (ფოტოზე ერთად არიან) წარუდგინა.

კუბიცას თქმით, თავისი დაბრუნებით, რომელსაც თავის ცხოვრებაში უდიდესი მიღწევა უწოდა, დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. მან თქვა, რომ რბოლებში დასაბრუნებლად მზადაა. პოლონელმ ფორმულა 1-ის რბოლაში ბოლოს 2010 წელს, „რენოსთან“ ერთად იასპარეზა. ამ სეზონში კუბიცა „უილიამსში“ სარეზერვო პილოტის როლს დასჯერდა, რადგან ბრიტანულმა გუნდმა არჩევანი ბიუჯეტიან რუს სერგეი სიროტკინზე შეაჩერა. ამან 20 რბოლაში მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო და გუნდმაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

„ამ სეზონის წინაც მზად ვიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ახალ სეზონს ნულიდან დავიწყებთ. სულაც არ მაქვს იმის შიში, რომ რვა წელი გამოვტოვე. კარგად ვიცი, რა არის საჭირო და რა უნდა გავაკეთო“, - ყვება კუბიცა და დასძენს: „ჩემს შესაძლებლობებში სრულად დარწმუნებული რომ არ ვიყო, ახლა აქ არ ვიქნებოდი. ნორმალურია, როცა მეკითხებიან, რამდენად შესაძლებელია რბოლებში ჩემი მონაწილეობა. ვიცი, რომ ამის დაჯერება ძნელია. მაგრამ „უილიამსმა“ საქმეში მნახა და გუნდში ყველა დარწმუნდა, რომ მე შემიძლია.

„ერთ-ერთი რამ, რითაც აღფრთოვანებული ვარ ისაა, რომ სარბოლო ადგილზე უარის მიუხედავად, ის ამ სეზონში სარეზერვო მრბოლის როლს დათანხმდა. ვფიქრობ, ეს მის შესახებ ბევრ რამეზე მეტყველებს. ის გუნდში ყველას იცნობს და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ვფიქრობ, ის აბსოლუტურად მზადაა“, - ამბობს კლერ უილიამსი.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.076905