ფეხბურთი

16:35 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

თასის ფინალამდე "ტორპედომ" ისევ მოიგო, კაპანაძემ სეზონის გოლი გაიტანა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში და ეროვნულ ლიგა 2-ში დღეს თითო მატჩი გაიმართა. ამის მიზეზი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალია, რომელშიც ქუთაისის „ტორპედო“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან.

შესაბამისად, სწორედ ამ გუნდებმა ითამაშეს დღეს. ეროვნული ლიგის 33-ე ტურში იმერული დერბი შედგა. „ტორპედო“ უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაშია და ძნელად წარმოსადგენია სეზონის ბოლომდე ვინმემ გააჩეროს.

„ტორპედო“ ამჯერადაც დამაჯერებელი იყო და საქართველოს თასის ფინალის წინ კარგი რეპეტიციაც გაიარა. ქუთათურებმა სწრაფი გოლები გაიტანეს. ჯერ გრიგოლ დოლიძემ შეარხია დინო ჰამზიჩის კარის ბადე, ხოლო მე-15 წუთზე სეზონის ალბათ გამორჩეული სილამაზის გოლიც გავიდა.

თორნიკე კაპანაძისგან „მაკრატელა“ გოლები აქამდეც გვინახავს, მაგრამ ეს საერთოდ არაამქვეყნიური გამოდგა. ლევან გეგეჭკორის ჩაწოდების შემდეგ „ელვამ“ ფანტასტიკურად იმოქმედა და დაუჯერებელი შედევრი შექმნა. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონმა 2:0 მოიგო და 62 ქულა დააგროვა. „დინამოს“ უკვე 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თბილისელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „ჩიხურა“ კი, ისევ მეოთხე პოზიციაზეა 57 ქულით.

დღესვე, თასის ფინალის მეორე მონაწილემ, „გაგრამაც“ ჩაატარა თავისი კალენდარული მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში და ორი ქულა ბოლო ადგილოსან „ცხინვალთან“ ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დაკარგა.

„ჩიხურა“ – „ტორპედო“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 დოლიძე (4), 0:2 კაპანაძე (15)

ეროვნული ლიგა 2

„ცხინვალი“ – „გაგრა“ 1:1 (0:0)

გოლი: 0:1 გაფრინდაშვილი (67), 1:1 ოგბუ (90)

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს თასის ფინალი 25 ნოემბერს, ბათუმში, 16:00 საათზე დაიწყება.

0.129485