ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ფუკუოკაში მიმდინარე სუპერტურნირზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი კიუშიუ ბაშოს მე-11 დღეს აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს გაეჯიბრა და ცუპარებით გააწამა. იაპონელმა სეკიტორმა ქართველის მიძალების ვერ გაუძლო და საბოლოოდ, დოჰიოზე თავისით დაენარცხა, რითაც ძალიან იშვიათი ცუკიჰიზა დაფიქსირდა.
ამგვარად, გორგაძემ 5 მარცხის ფონზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და ახლა, დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან ორის მოგებაც ეყოფა.
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის პირველი ოძეკი ტაკაიასუ იქნება, რომელსაც ზურგს 9 მოგება უმაგრებს და “იმპერატორის თასის” აღების შანსს ინარჩუნებს.
ტაკაიასუს დარი მონაგარი რიგით მაეგაშირებს – დაიეიშოსა და აოიამას აქვთ, ერთპიროვნულ ლიდერად კი აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი ტაკაკეიშო რჩება, რომელსაც 10 გამარჯვება მოუგროვდა.
მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დაბრუნება გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ნოემბრის ბაშოს მე-3 დივიზიონ მაკუშიტას პირველი განთესვით შეხვდა, დღეს კი, ძალები სწორედ ჯურიოში სცადა და მე-13 ნომერი გოკუშინდოს იორიკირით აჯობა.
შედეგად, გაგამარუმ 2 მარცხის ფონზე მე-4 გამარჯვება იზეიმა და ვინაიდან მაკუშიტაში ერთადერთი ორთაბრძოლაღა დარჩა ჩასატარებელი, უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) ვერცერთ ვარიანტში გავა.