კალათბურთი

16:20 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე “გიპუზკოა ბასკეტში” აღარ ითამაშებს (+VIDEO)
დუდას დათხოვნის მიზეზი ფინანსური პრობლემებია

26 წლის ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას ლიგა ენდესას ბინადარ “გიპუზკოა ბასკეტში” აღარ გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ესპანური გუნდის ოფიციალურ ვებგვერდი ავრცელებს.

“ერთთვიანი თანამშრომლობის შემდეგ, დუდა სანაძე “გიპუზკოა ბასკეტში” აღარ ითამაშებს. კლუბი მადლობას უხდოს მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს სამომავლო კარიერასა და პირად ცხოვრებაში” – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეიძლება ითქვას, რომ “გიპუზკოა ბასკეტის” სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება მიულოდნელია, მით უფრო მას მერე, რაც სანაძემ გასულ უქმეებზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მადრიდის “რეალთან” შეხვედრაში 17 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ჯამში კი, მას 72 წუთი და 34 ქულა მოუგროვდა.

თუმცა, ამ ყველაფერს ახსნაც აქვს. ბოლო პერიოდია, ბასკურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და კალათბურთელებისთვის ხელფასის გადახდაც კი უჭირს, ამდენად, იმის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, რომ 13-კაციანი შემადგენლობა შეენარჩუნებინა.

“გიპუზკოა ბასკეტის” მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ვალდეოლმილოსმა თავად აღნიშნა, რომ სანაძის გარჯით კმაყოფილი იყო და ქართველის ლეგიონერის შენარჩუნება სურდა, თუმცა, არსებულმა ვითარებამ გამოსავალი არ დაუტოვა და 12-კაციანი განაცხადის ამარა დარჩა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ბექა ბურჯანაძეც იმყოფება.

0.117418