„ბარსელონა“, „დორტმუნდი“, „ბაიერნი“, „ლევერკუზენი“, „აინტრახტი“ - ვის აღარ დაუკავშირეს გავლენიანმა უცხოურმა გამოცემებმა გიორგი ჩაკვეტაძე. ახლა კი, „რომასაც“ უკავშირებენ.
იტალიური Calciomercato იტყობინება, რომ „ჯალოროსის“ მრავლისმნახველ სპორტულ დირექტორ მონჩის ჩვენებური მონიშნული ჰყავს და დიეგო პეროტის შემცვლელად მოიაზრებს.
საქმე ისაა, რომ არგენტინელი ხშირად ტრავმიანობს და რომაელები მის ჩანაცვლებს ახალგაზრდა ფეხბურთელით აპირებენ.
„ჩაკვეტაძე მარცხენა ფლანგზე თამაშობს და განსაკუთრებით სასარგებლო იქნება 4-3-3 სქემაში, რადგან მისი თამაშის მანერა და ხედვა, პერსპექტივაში შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნახევარდაცვისთვის. ერთი ერთზე ძლიერია, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ტალანტებში შედის. შეუძლია თამაში გამთამაშებლის, „ტრეკვარტისტას“ პოზიციაზეც. მისი სახელი მონჩის ჩანიშნული აქვს და პეროტის შემცვლელად მოიაზრებს, რადგან არგენტინელი ხშირად ტრავმირებულია. „გენტთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და მისი ფასი დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.