ფეხბურთი

1:55 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ჯგუფური ეტაპი ღირსეულად ჩავატარეთ"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ყაზახეთთან (2:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. გურამის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე.

გარდა ამისა, კაშიამ გიორგი ჩაკვეტაძეს ურჩია, რომ მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ნაკლებად იფიქროს და კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თამაშზე მოახდინოს:

„ზოგჯერ ბევრი ფიქრობს, რომ ასეთ გუნდებთან ადვილია მოგება, მაგრამ ასე არაა. ჯგუფის ექვსივე თამაშში მეტოქეებმა დაცვითი ფეხბურთი ითამაშეს და ძალიან რთულია ასეთ დროს გოლის გატანა. დღეს შეგვეძლო 4 გოლის გატანა, მართალია, მეტოქესაც ჰქონდა ორი შანსი, მაგრამ საბოლოო ჯამში ნამდვილად ვაჯობეთ. ყველაზე მეტად ალბათ, მეორე ტურში ლატვიასთან გაგვიჭირდა. თუმცა, სირთულეები ყველა თამაშში იყო, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ღირსეულად ვიასპარეზეთ ჯგუფში.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ატმოსფეროში შემიძლია თამაში „დინამო არენაზე“ და ყველას ოცნებაა, რომ ამ სტადიონზე ითამაშოს. თითქმის შეუძლებელია, ასეთ გარემოში ფეხბურთელმა თამაში წააგოს. ეს ალბათ გულშემატკივრების პასუხისმგებლობაცაა, რადგან მხარი დაგვიჭირონ ყოველთვის.

ჩაკვეტაძე საოცარი ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერია და ძალიან სწორად ცხოვრობს, პროფესიონალია. იმედია, ასეთი დარჩება. ყველასთვის სასიხარულოა მისი პროგრესი და გუნდების ინტერესი, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებული ფეხბურთელია და არ მინდა, რომ სხვა რაღაცებზე იფიქროს, გარდა იმისა, რომ ითამაშოს ფეხბურთი“, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის A ჯგუფი 16 ქულით მოიგო და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა. ნახევარფინალი კი 2020 წლის მარტში გაიმართება.

0.125672