ინგლისისა და პორტუგალიის ნაკრებებს შვეიცარია შეუერთდა და ერთა ლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს.
ერთა ლიგა: ინგლისი ოთხთა ფინალშია, ბელარუსი საქართველოს კონკურენტია
A დივიზიონი, B ჯგუფი
ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი შვეიცარიული საათივით იყო აწყობილი ბელგიის წინანაღმდეგ. არ ვიცით, რას მივაწეროთ „წითელ ეშმაკთა“ ასეთი სუსტი თამაში, არადა მატჩამდე ბელგიას ქულაც ხელს აძლევდა, თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იყო მოედნაზე და თამაშიც დიდებულად დაიწყო. მე-17 წუთისთვის ტორგან აზარმა დუბლი მიითვალა და ბელგია 2:0 დაწინაურდა.
ალბათ, ამან დათვური სამსახური გაუწია რობერტო მარტინესის გუნდს. საქმე ისაა, რომ როდესაც ბელგია 2:0 დაწინაურდა, ჯგუფიდან 2:3 მარცხის შემთხვევაშიც გავიდოდა... როგორც ჩანს, ბელგიელები მოდუნდნენ და საქმე მომთავრებულად ჩათვალეს. შემდეგ, როცა გონს მოვიდნენ, უკვე გვიანი იყო და შვეიცარიის შეჩერებაც შეუძლებელი გახლდათ.
მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს წინ გასვლა. ჰარის სეფეროვიჩის დუბლს რიკარდო როდრიგესის პენალტიც დაემატა. მეორე ნახევარში კი ნიკო ელვედიმ და იმავე სეფეროვიჩმა ისევ გაიტანეს და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს - 5:2.
საბოლოოდ, ორივე გუნდმა 9-9 ქულა დააგროვა, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო (5:2, 1:2) ჯგუფიდან შვეიცარია გავიდა. შესაბამისად, ოთხთა ფინალში არა ბელგია, არამედ შვეიცარიელები იასპარეზებენ.
A დივიზიონის პლეი-ოფის 4 წარმომადგენლიდან სამი უკვე ცნობილია: ინგლისი, პორტუგალია და შვეიცარია. მეოთხე ან საფრანგეთი იქნება, ან ჰოლანდია.
შვეიცარია - ბელგია 5:2 (3:2)
გოლები: 0:1 ტორგან აზარი (2), 0:2 ტორგან აზარი (17), 1:2 როდრიგესი (26, პენ), 2:2 სეფეროვიჩი (31), 3:2 სეფეროვიჩი (44), 4:2 ელვედი (62), 5:2 სეფეროვიჩი (85)
1. | შვეიცარია | 4 | 3 | 0 | 1 | 14:5 | 9 | |
2. | ბელგია | 4 | 3 | 0 | 1 | 9:6 | 9 | |
3. | ისლანდია | 4 | 0 | 0 | 4 | 1:13 | 0 |
C დივიზიონი, B ჯგუფი
C დივიზიონში ორი უმოტივაციო მატჩი შედგა, რადგან აქამდე ყველაფერი გარკვეული იყო და ბოლო ტურის შეხვედრები ვერაფერს შეცვლიდა. საბერძნეთმა მოახერხა და შინ ესტონეთთან წააგო, რაც მეორე ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა, რომელიც თავის მხრივ უნგრეთმა დაიკავა მას მერე, რაც ჯგუფის გამარჯვებული ფინეთი დაამარცხა.
საბერძნეთი - ესტონეთი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ლამბროპულოსი (44, ა.გ)
უნგრეთი - ფინეთი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 შალაი (29), 2:0 ნადი (37)
1. | ფინეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 5:3 | 12 | |
2. | უნგრეთი | 6 | 3 | 1 | 2 | 9:6 | 10 | |
3. | საბერძნეთი | 6 | 3 | 0 | 3 | 4:5 | 9 | |
4. | ესტონეთი | 6 | 1 | 1 | 4 | 4:8 | 4 |