ჭიდაობა

23:57 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ კენჭაძე ფინალშია, მწითური და ანდრიაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, ხვალ, დასკვნითი დღეა, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს კი 3 მედლის მოპოვების შანსი აქვთ. ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), ხოლო ირაკლი მწითური (92 კგ.) და როლანდ ანდრიაძე (125 კგ.) ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.

კენჭაძე ტურნირში კვალიფიკაციიდან ჩაება, სადაც ინდოელ პარვეენ მალიკს 10:0 სძლია, მერვედფინალში სლოვაკ ახსარბეკ გულაევს 3:0 მოუგო, მეოთხედფინალში თურქი მუჰამეტ აკდენიზი დაჯაბნა (10:0), ნახევარფინალში კი ყველაზე რთული ბრძოლა გადაიტანა და გზიდან რუსი ტიმურ ბიჟოევი ჩამოიცილა – 4:2. ქართველი ფალავანი ფინალში რუმინელ მაქსიმ ვასილიოღლუს გაეჯიბრება.
მწითურმა პირველივე შერკინება 0:9 წააგო მომავალ ფინალისტ – რუს ასლანბეკ სოტიევთან და ხვალ რეპეშაჟში ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე მონღოლი ალტანგერელ ჩინბატი იქნება. თუკი ჩვენებურმა აზიელს აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის ირანელ ჰოსეინ ლოტფალი შაჰბაზიგაზვარს დაუპირისპირდება.
ანდრიაძემ მსოფლიო პირველობა უნგრელ მიჰალი ნაგისთან რთული გამარჯვებით (3:2) გახსნა, მეოთხედფინალში ფინელ იერე ტაპანი ჰეინოს 4:2 სძლია, ნახევარფინალი კი დასანანად წააგო ამერიკელ იუსიფ იბრაჰიმ ჰემიდასთან – 2:4. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ჩვენებურის პირისპირ იაპონურ-მოლდოვურ (იამამოტო-ჯაბრაილოვი) დუელში უმჯობესი დადგება.
დღესვე ხალიჩაზე ამირან ვახტანგიშვილი (61 კგ.) და საბა ჩიხრაძეც (86 კგ.) გავიდნენ, თუმცა, მათ ტურნირი მოგების გარეშე დაასრულეს. ვახტანგიშვილი კვალიფიკაციაში ბერძენ გეორგიოს პილიდისთან 6:7 დამარცხდა, ჩიხრაძემ კი ამავე ეტაპზე კანადელ ალექსანდერ რობერტ მურთან 5:6 წააგო.

0.113431