სხვა

13:43 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მაკე-კოშიზე გავიდა

ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, რომელიც ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე დასავლეთის ოძეკის წოდებით ირჯება, ცუდი დროება უდგას. დღეს, ტოჩინოშინმა მიჯრით მე-3 მარცხი განიცადა და კვლავ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა.

ნოემბრის სუპერტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინი დასვლეთის მე-4 მაეგაშირა იოშიკაძეს გაეჯიბრა და სუკუინაგეთი დამარცხდა. ქართველ სეკიტორს კარგი სტარტი გამოუვიდა და იაპონელი დოჰიოს კიდესთანაც ჰყავდა მიყვანილი, თუმცა, ბოლო მიძალება ვეღარ განახორციელა და საპასუხო იერიში გაეპარა.
ამგვარად, ტოჩინოშინს 3 მოგების წილ 4 მარცხი მოუგროვდა, ხვალ კი, ტურნირის შუალედურ დღეს (ნაკაბი) დასავლეთის მე-3 მაეგაშირა რიუდენს გაეჯიბრება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.
ამასობაში, კიუშიუ ბაშოზე აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც მარცხის სიმწარე არ შეუგრძვნია. აღმოსავლეთის პირველმა კომუსუბი ტაკაკეიშომ ზედიზედ 6 მოგების მერე, დღეს აღმოსავლეთის პირველ სეკივაკე მიტაკეუმისთან წაიფორხილა.
ახლა, ტაკაკეიშოსთან ერთად, რიგითი მაეგაშირები დაიეიშო და ონოშო ლიდერობენ, რომელთაც თითო გამარჯვებით ოძეკი ტაკაიასუ და ასევე მაეგაშირები ტოჩიოძანი, ჩიიოტაირიუ, აბი და აოიამა მისდევენ. კიდევ ერთ ოძეკი გოეიდოს აქტივში 4 წარმატებული ბრძოლა აქვს.
რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში თანაბარ ბალანსზე (2 მოგება, 2 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც დღეს ტამაკი ჰატაკიკომით დაჩაგრა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ნოემბრის ბაშოზე პირველი განთესვით ირჯება, ამდენად, ნებისმიერი დადებითი ბალანსი მე-2 დივიზიონ ჯურიოში დააბრუნებს.

0.115755