ჭიდაობა

1:07 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კენჭაძე და მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ!

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები ნიკა კენჭაძე (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) მსოფლიოს 2018 წლის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და დღეს ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში კენჭაძემ ბულგარელი ენგინ რაშიდ ისმაილი 5:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში მასპინძელ ომარაშხაბ ნაჟმუდინოვს 7:0 სძლია, ნახევარფინალში კი იაპონელი იაჯურო იამასაკი დაჩაგრა – 4:0. გადამწყვეტ შერკინებაში ჩვენებურის პირისპირ რუსი გაჯი ნაბიევი დადგება.
მაჭარაშვილმა ფინალამდე საერთოდაც ტრიუმფალურად იარა. მან გზიდან 3 მეტოქე ჩამოიცილა და სამივე მათგანს 10:0 (!) სძლია. გივიმ უშანსოდ ჩინელი ჩაოქიან იანგი, ინდოელი კარანდეეპ სინგჰ ნაჰალი და ირანელი ალი ხალილ შაბანიბენგარი დატოვა. ფინალში ქართველ ფალავანს ამერიკელი კოლინ რეიმონდ მური დაუპირისპირდება.
გუშინვე ხალიჩაზე კიდევ 3 ჩვენებური ვიხილეთ, თუმცა, ისინი კვარცხლბეკზე ასვლის შანსს უკვე დაემშვიდობნენ. რობერტ დინგაშვილი (57 კგ.) მერვედფინალში აზერბაიჯანელ აფგან ხაშალოვთან 1:6 დამარცხდა, ედემი ბოლქვაძემ (65 კგ.) კვალიფიკაციაშივე წააგო ბულგარელ დიმიტარ ივანოვთან, ხოლო გიორგი სულავამ გზიდან შვეიცარიელი მარკ დიეტშე (11:4) და აზერბაიჯანელი ფუზული ჰუსეინოვი (12:2) ჩამოიცილა, თუმცა, მეოთხედფინალში უკრაინელ ოლეკსი ბორუტას ვერ გაუმკლავდა.
აღნიშნულ წონებში ფინალები დღეს, 20:00 საათიდან გახლავთ დაგეგმილი, 12:30 საათიდან კი მსოფლიო ჩემპიონატში დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაებმებიან და ხალიჩაზე ამირან ვახტანგიშვილი (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), საბა ჩიხრაძე (86 კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.) და როლანდ ანდრიაძე (125 კგ.) გავლენ.

0.118194