ძიუდო

0:27 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილი ჰააგის გრან პრის ჩემპიონია!

ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში მიმდინარე გრან პრის გამარჯვებული გახდა. ვაჟამ ტურნირზე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა და სრულად ანუ 4 წუთი გარჯა მხოლოდ ფინალში დასჭირდა.

მარგველაშვილმა საწყის ორთაბრძოლაში სამხრეთაფრიკელი დანიელ ლე გრანჟე 37 წამში დააიპონა, ასევე წამები ეყო ესპანელი დავიდ ტორნე გარსიას დასამარცხებლად, მეოთხედფინალში ბოსნიელ პეტარ ზადროს აჯობა, ნახევარფინალში მოლდოველ დენის ვიერუს ასევე წუთზე ნაკლები დრო აკმარა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ებრაელ ბარუხ შმაილოვთან ვაზარით დაკმაყოფილდა.

საინტერესოა, რომ ვაჟამ ძიუდოს საერთაშორისო ტურის მიჯრით მეორე შეჯიბრზე იმარჯვა: სამი კვირის წინ მან აბუ დაბის გრანდ სლემიც მოიგო.
გუშინ ვაჟთა ტურნირში გამარჯვებული 60 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც გამოვლინდა, სადაც საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა ავიდა, რომელმაც ფინალში იაპონელი დაი აოკი დაჩაგრა.
დღეს, ტატამზე ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) მე-2 რაუნდში ჰოლანდიელ დაან ტენ ჰეუველსა და ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს შორის უმჯობესს ელის, ზებედა რეხვიაშვილი კი ასევე მე-2 წრეში ფრანგი ნიკოლა შილარისა და სურინამელი ზიზოვ აბასის წყვილში გამარჯვებულს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114998