სხვა

16:45 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყვითელაშვილის მე-2 ადგილი მოსკოვის გრან-პრიზე! (+VIDEO)
ქართველი სპორტსმენი მხოლოდ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს ჩამორჩა

ქართული ფიგურული ციგურაობის ლიდერმა მორის ყვითელაშვილმა ჩინებულად წარმოაჩინა თავი გრან პრის მორიგ ეტაპზე, რომელსაც რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მასპინძლობს.

ყვითელაშვილმა “როსტელეკომის თასზე” მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და მისთვის სარეკორდო 89.94 ქულით, საწყისი დღის თავზე, მე-2 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მორისმა 2 ოთხმაგი ნახტომი შემოგვთავაზა და ტექნიკური ელემენტებისთვის 51.48 ქულა მიიღო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი 38.46 ქულა ერგო.

ამგვარად, 23 წლის ქართველი სპორტსმენი მხოლოდ უძლიერეს იაპონელ იუძურუ ჰანიუს ჩამორჩა, რომელსაც რეალურად კონკურენტიც არ ჰყავდა.

ბოლო 2 ოლიმპიადის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ორგზისა და გრან-პრის ფინალების ოთხგზის ჩემპიონმა ჰანიუმ ამჯერად 110.53 ქულა (62.44+48.09) მიიღო, რაც ასევე მისი კარიერული რეკორდია.

თავისუფალი პროგრამის წინ, ყვითელაშვილის უმთავრეს კონკურენტებად შვედი ალექსანდერ მაიოროვი (82.33) და კიდევ ერთი იაპონელი კაძუკი ტომონო (82.26) უნდა მივიჩნიოთ, დანარჩენები კი, ქართველს შედარებით სოლიდური სხვაობით ჩამორჩებიან.

მოსკოვის გრან პრიზე ვაჟთა შეჯიბრის დასკვნითი 17 ნოემბერია. თავისუფალი პროგრამა თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10997