ჩოგბურთი

15:27 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგბურთის „ჯადოქარმა“ კარიერა დაასრულა

ქალთა ჩოგბურთის ერთ-ერთმა ყველაზე ელეგანტურმა მოთამაშემ, პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, ამის შესახებ თავად ჩოგბურთელმა განაცხადა.

„ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, ჩემი 13-წლიანი თამაშის შემდეგ კარიერას ვასრულებ. ჩოგბურთმა უამრავი გასაოცარი მომენტი მაჩუქა. მინდა ჩემს ჩოგბურთს დავემშვიდობო, როგორც მოთამაშე, თორემ ჩოგბურთიდან წასვლას არ ვაპირებ, ეს ჩემი ცხოვრებაა. ახლა ახალი ეტაპი იწყება, ბევრი სიახლე, ახალი გამოწვევები. სამწუხაროდ, აღარ შემიძლია ისე ვივარჯიშო, როგორც საჭიროა. სხეული ჩემს მოლოდინებს ვერ ამართლებს. პროფესიონალი ჩოგბურთელისთვის ჯანმრთელობის საკითხი ძალიან მძიმეა. ამ ვითარებაში მაღალ დონეზე თამაში აღარ შემიძლია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ჩემი თამაშის საყურებლად ღამეებს ათენებდნენ, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“- განაცხადა რადვანსკამ.

აგნეშკას თავისი ელეგანტური, დახვეწილი და ჭკვიანური თამაშის გამო რამდენიმე მეტსახელიც შეარქვეს, „პროფესორი“, „ნინძა“, „ჯადოქარი“.(VIDEO) თანამედოვე ჩოგბურთში ის ერთ-ერთი ყველაზე რბილი მოთამაშე იყო, ძალისმიერად არასდროს თამაშობდა. პოლონელი ცდილობდა ზუსტი დარტყმებით მოეპოვებინა უპირატესობა. კორტის ნებისმიერ მონაკვეთში თავდაუზოგავად იბრძოდა და ამის გამო უამრავი ლამაზი ბურთი აქვს მოგებული. 21-ე საუკუნეში, როცა ჩოგბურთი სხვა დონეზე და სხვა სიმძლავრეებზეა აყვანილი, აგასნაირი რბილი დარტყმების მქონე მოთამაშე, რომელმაც ამხელა წარმატებას მიაღწია, იშვიათია.(VIDEO)

რადვანსკას საჩოგბურთო კარიერა 2005 წლიდან იწყება. მან იუნიორთა შორის უიმბლდონზე იმარჯვა. 2006 წელს კი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ანასტასია პავლიჩენკოვასთან დამარცხდა. ამის შემდეგ აგამ WTA-ის ეგიდით გამართულ ტურნირებში დაიწყო მონაწილეობის მიღება, სადაც ბევრს წარმატებას მიაღწია. რადვანსკამ პირველი WTA-ის ტიტული სტოქჰოლმის ტურნირზე მოიპოვა, ფინალში ვერა დუშევინა 6:1, 6:1 გაანადგურა.

ჯამში პოლონელმა WTA-ის 20 ტურნირი მოიპოვა. კარიერაში 27,6 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, რაც ქალ ჩოგბურთელთა შორის მეშვიდე შედეგია. 2015 წელს წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, ხოლო 2012 წელს უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც საუკეთესო ფორმაში მყოფ სერენა უილიამსს ერთი სეტი წაართვა (1:6, 7:5, 2:6). პოლონეთის ნაკრებში ფედერაციის თასზე 42 მატჩი მოიგო, 11 წააგო. ერთეულთა თანრიგში 594 მოიგო და 269 - წააგო.

0.116799