ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ვერაფერს უხერხებს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაის, რომელიც მისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა.
დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი, დღეს, პრინციპულ მეტოქეს მეთორმეტედ გაეჯიბრა და მეშვიდედ დამარცხდა, უფრო საგანგაშო კი ისაა, რომ იაპონელ სეკიტორთან ზედიზედ მეხუთედ წაიფორხილა (აქედან ერთი ფუსენი ანუ ტექნიკური წაგებაა).
2018 წლის დასკვნითი სუპერტურნირის მე-6 დღეს, ქართველისა და იაპონელის შერკინება ნაცნობი სცენარით წარიმართა. ტოჩინოშინი ამჯერადაც შეეცადა შოდაის მავაში ეგდო ხელთ, თუმცა, მაეგაშირამ თავი დაიცვა და საპასუხო ოშიდაში განახორციელა.
ამგვარად, ქართველი ოძეკი თანაბარ ბალანსზე (3 მოგება, 3 მარცხი) გავიდა და უკვე ცხადია, რომ “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, რეალური მიზანი კი დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება უნდა იყოს.
კიუშიუ ბაშოს 6 დღის თავზე, ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი ტაკაკეიშო იქცა, რომელმაც მორიგი გამარჯვება ბრაზილიელ კომუსუბი კაისეისთან იზეიმა, აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩიოძანმა კი პირველი მარცხი აღმოსავლეთისვე მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგისთან განიცადა.
შედეგად, ტოჩიოძანს წამოეწიენ ოძეკი ტაკაიასუ და სხვა რიგითი მაეგაშირები – ჩიიოტაირიუ, აბი, დაიეიშო და ონოშო. სათქმელია ისიც, რომ იოკოძუნების არყოფნაში, კიდევ ერთ იოკოძუნა გოეიდოს, ტოჩინოშინის დარად, აქტივში მხოლოდ 3 მოგება აქვს.
ნოემბრის სუპერტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იოშიკაძე იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 15:9-ს უგებს.