საქართველოს ეროვნულმა ნაკრებამ ერთა ლიგაზე პირველად დაკარგა ქულები. ანდორასთან „ჯვაროსნებმა“ ვერ აჩვენეს საუკეთესო თამაში და ბევრი ხარვეზი იყო, როგორც ცალკეული ფეხბურთელების, ისე მთლიანად გუნდის მხრიდან.
შედეგად, 1:1, რაც შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ალბათ, ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე ცუდი თამაში (10-15 მატჩიდან), შესაძლოა ამას ახსნაც მოვუძებნოთ, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია. იმედია, საქართველოს ნაკრების ახლა უფრო მეტად კონცენტრირებული იქნება, ცივი შხაპის შემდეგ გამოფხიზლდება და ყაზახეთთან საუკეთესო თამაშს ჩაატარებს.
იქამდე კი, WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელების შეფასებებს:
გიორგი ლორია 5 - ანდორამ საქართველოს ნაკრების კარში ერთხელ დაარტყა და გაიტანა. აშკარაა, რომ ლორიას უთამაშებლობა ეტყობა. მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გოლი მთლიანად მის სინდისზეა, სხვას ვერ დავადანაშაულებთ და არც აუღებელი იყო მარტინესის დარტყმა.
ოთარ კაკაბაძე 6 - ორი განსხვავებული ტაიმი. პირველში შეიძლება ითქვას საუკეთესო იყო და მისი ფლანგინდან ხიფათი ხშირად იქმნებოდა. გოლიც ოთარის შესანიშნავ გადაცემას მოჰყვა. თუმცა, მეორე ტაიმში ასეთივე აქტივობით ვერ გამოირჩა. ჯარიმა, რომელიც საქართველომ გაუშვა, მის მიერ თამაშის წესის დარღვევას მოჰყვა.
დავით ხოჭოლავა 6 - ცენტრალური მცველების მიმართ ბევრი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ანდორა თამაშიდან ვერ აწუხებდა ჩვენი გუნდის დაცვის ხაზს.
ჯიმი ტაბიძე 6 - პირველ ტაიმში ცოტა გაუჭირდა. რამდენჯერმე თამაშის წესი დაარღვია და ყვითელი ბარათის მიღების საშიშროების წინაშე დადგა. მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ერთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა და საერთოდაც, ნაკრებში ხშირად არ ეძლევა შანსი, 90 წუთი დადებითად უნდა შევუფასოთ.
გიორგი ნავალოვსკი 6 - ნავალოვსკი აქტიურობდა და სცდილობდა შეტევას ნაყოფიერად დახმარებოდა. პირველ ტაიმში ლამის გამოუვიდა კიდეც, თუმცა არაბულმა მისი გადაცემა ვერ შეირგო და კარს ააცილა. გიორგის არც დაცვაში ჰქონია ბევრი წუნი. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს პირველად უკაპიტნა.
ვაკო გვილია 5.5 - სამწუხაროა, მაგრამ ასეა: რეგრესს განიცდის. მიმდინარე სეზონი აშკარად წარუმატებელი და უიღბლოა მისთვის, არადა, ვიცით, რომ ბევრად მეტი შეუძლია. სწორედ ამიტომ გვწყდება გული, რომ „ლუცერნში“ უთამაშებლობა დღითიდღე ეტყობა. იმედია, ვითარება მალე გამოსწორდება. ეს თამაში კი მის აქტივში ცალსახად არ შევა.
ლუკა ზარანდია შ.გ - ვლადიმირ ვაისმა მხოლოდ 87-ე წუთიდან მისცა თამაშის შესაძლებლობა. სცდილობდა ფლანგზე თავისი ტექნიკური არსენალი გამოეყენებინა, მაგრამ მეტად მწირი დრო ჰქონდა ამისთვის. ალბათ, უპრიანი იქნებოდა, რომ სლოვაკს გაცილებით ადრე მიეცა მისთვის თამაშის შანსი.
ნიკა კვეკვესკირი 5.5 - არც მას ჰქონია საუკეთესო შეხვედრა. ბევრს სცდილობდა პასებით მოემარაგებინა ფორვარდი, მაგრამ მეტწილად არ გამოსდიოდა. იყო რამდნიმე ტექნიკური თამაში მოედნის ცენტრში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადად.
ვაკო ყაზაიშვილი 5 - ალბათ ერთ-ერთი სუსტი თამაში, რომელიც ყაზაიშვილს ნაკრების მაისურით ჩაუტარებია. ბევრჯერ დააგვიანა ბურთის გაცემა, ბევრჯერ გახსნა და ბევრი შეტევაც განიავდა. ვაკო არაა ფორმაში და „სან ხოსეში“ მისი გადასვლა ვერ უნდა შეფასდეს დადებითად. ბოლო დროს აშკარად მოკლებული აქვს, რაც სამწუხაროა.
ოთარ კიტეიშვილი 5.5 - ოთარს ეპიზოდურად კარგი მატჩი ჰქონდა და გიორგი ჩაკვეტაძეს კარგად უგებდა. პირველ ტაიმში სწორედ ეს ორი წარმოადგენდა ყველაზე მეტ საფრთხეს მეტოქისთვის. თუმცა, მეორე ნახევარში უფრო ჩაიკარგა. ალბათ, თავი დაღლილობამაც იჩინა.
ვახტანგ ჭანტურიშვილი შ.გ - 12 წუთში ფეხბურთელმა შეფასება რომ დაიმსახუროს, ან ძალიან კარგად უნდა ითამაშოს, ან პირიქით. ტრნავას „სპარტაკის“ ფეხბურთელს ასეთი 12 წუთიანი მონაკვეთი გუშინ ნამდვილად არ ჰქონია.
გიორგი ჩაკვეტაძე 6.5 - უკვე მერამდენე თამაშია საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესოა. ახლაც ასე იყო. გოლიც მის აქტივშია და ერთადერთი იყო, ვინც მეტოქის კართან ხიფათის შექმნას სცდილობდა. თუმცა, გიორგი 19 წლისაა და ყველა თამაშს მარტო ვერ მოიგებს. ეს ხომ ცალსახაა... ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო თამაში, მაგრამ ამას აქვს ბევრი ახსნა. ანდორელებმა ის კარგად გაანეიტრალეს, ფეხებშიც ბევრი ურტყეს და ორი მცველი ყოველთვის აჩრდილივით ჩნდებოდა მასთან.
ბაჩანა არაბული 5 - მთელი თამაში პასიური იყო. ამ მოკლე პერიოდში ნაკრებს აშკარად ვერ აუღო ალღო. ისე, გოლის გარდა, ყველაზე რეალური მომენტი სწორედ მას ჰქონდა და რომ გაეტანა, ვინ იცის, ჩარხი სხვაგვარად დატრიალებულიყო. თუმცა, ნავალოვსკის იდეალური გადაცემა ვერ შეირგო.
ნიკა კაჭარავა შ.გ - არაბული 78-წ უთზე შეცვალა და ახალი არაფერი. თავი არაფრით გამოუჩენია.
ვლადიმირ ვაისი 5 - ძალიან სუსტი შეხვედრა იყო მისთვის. ალბათ, საქართველოს ნაკრებში ყველაზე სუსტიც. ყოვეელშემთხვევაში, ბოლო პერიოდში. ბევრი შეცდომა ჰქონდა. გასაგებია, რომ ფეხბურთელებს შანსი სჭირდებათ, მაგრამ... დაცვის ცენტრს წუნი არ ჰქონია, თუმცა მაინც სარისკო ნაბიჯი იყო ერთდროულად ორივე ცენტრალური მცველის სკამზე დასმა. ასევე უცნაური გადაწყვეტილება გახლდათ ყაზაიშვილისა და კიტეიშვილის ერთად გამწესება ძირითად შემადგენლობაში. ფლანგის მოთამაშე არცერთია და ერთ-ერთს ყოველთვის უწევდა მარჯვნივ თამაში (ზოგჯერ მეორეს მარცხნივაც). ამან ვერ გაამართლა და ამით ორივე ფეხბურთელის პლიუსები მინუსებში გადაიქცა. ტრადიციულად ძალიან დააგვიანა ცვლილებები. უკვე მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდანაც ნათელი იყო, რომ ნაკრებს თამაში არ მისდიოდა და ახალი სისხლი სჭირდებოდა. 78-ე წუთამდე ლოდინი ალბათ საჭირო არ იყო. რაც მთავარია, ვერც შეცვლები გამოიცნო. ზარანდიას სტილის ფეხბურთელისთვის 3 წუთზე მეტი ნამდვილად უნდა დაეთმო. იმედია, ეს სლოვაკისთვის კარგი გაკვეთილი იქნება და როგორც ის, ისე, ფეხბურთელები ყაზახეთთან იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებენ. ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია.