ჭიდაობა

22:51 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეორე დღის მოსავალი: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს. ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ) და ზვიად პატარიძის (130 კგ) მიერ გუშინ მოგებულ ოქროებს დღეს თავისი წილი ოქრო მიამატა გელა ბოლქვაძემ (82 კგ). რამაზ ზოიძე (72 კგ), ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. გიორგი მელიამ (97 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა კი, 5 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლქვაძემ საჩემპიონო ბრძოლაში რუმინელი მეტოქე – ოჟოგი ბოლო ილეთის უპირატესობით დაამარცხა (3:3). ფინალამდე გელამ ჩინელ ქიანს (5:1), ბელარუს კლიმოვიჩსა (1:1) და იაპონელ ცურუდას (5:1) აჯობა.

ზოიძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ირანელი არსლანი (12:4), უზბეკეთის ნაკრების წევრი ვარდანიანი (11:6), რუსეთის სახელით მოჭიდავე ოგანიანი (4:3) და ყაზახი კისიმეტოვი (7:5). ფინალში კი თურქ არსლანს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით (1:2) დამარცხდა.

გიორგი მელიამ (97 კგ) ყაზახი სირლიბაის (3:2), ლიეტუველი ფრიდრიკასისა (7:6) და გერმანელი ცირნის (9:0) ძლევის შემდეგ, უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუს გოლოვინთან წაგებით (0:9). რეპეშაჟის ფინალში კი იტალიის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ კახელაშვილს დაეჭიდა და 3:1 მოუგო.

დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაება დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), მაგრამ კვარცხლბეკამდე ორი მოგება დააკლდა - რეპეშაჟის ნახევარფინალში უზბეკ ბახრამოვთან დამარცხდა (4:9).

0.114509