ჭიდაობა

18:45 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზოიძე, ბოლქვაძე და მელია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები რამაზ ზოიძე (72 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.) მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ და საღამოს სესიაში ფინალის საგზურებისთვის იბრძოლებენ.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე, ზოიძემ კვალიფიკაციაში ირანელ ალი რეიზოლა არსალანს 13:4 სძლია, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში კი, შესაბამისად, უზბეკ არამ ვარდანიანსა (11:6) და რუს ნარეკ ოგანიანს (4:1) აჯობა.
ბოლქვაძემ ფინალამდე ორ მეტოქეს აჯობა: ჩინელი ჰაიტაო ქიანი 5:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბელარუს მიკიტა კლიმოვიჩთან ბოლოს აღებული ქულის წყალობით, 1:1-ზე მოიგო. ნახევარფინალში, ქართველი მოჭიდავის პირისპირ იაპონელი ტაკაჰირო ცურუდა დადგება.
მელიამ კვალიფიკაციაში ყაზახ ოლჟას სირლიბაის 3:2 სძლია, მერვედფინალში ლიტველ რომას ფრიდრიკასს 7:6 მოუგო, ნახევარფინალში კი გერმანელი იან ზირნი 9:0 გაამადგურა. ფინალში გასასვლელად, ქართველი ფალავანი რუს ალეკსანდრ გოლოვინს გაეჯიბრება.
რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვთ დათო ჩხარტიშვილსა (60 კგ.) და ოთარ აბულაძეს (67 კგ.). ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი, ის ფალავნები, რომლებთანაც ქართველები დამარცხდნენ, ფინალში გასვლას შესძლებენ.
ჩხარტიშვილმა იტალიელ ჯაკოპო სანდრონსა (9:2) და ლიტველ იუსტას პეტრავიჩიუსს (12:1) დამაჯერებლად სძლია, მეოთხედფინალი კი აზერბაიჯანელ მურად მამადოვთან 4:5 წააგო.
თავის მხრივ, ოთარ აბულაძემ ესპანელ ალეხანდრო კონსეპსიონ კასტილიოს 2:2-ზე, დამატებითი მაჩვენებლით სძლია, მერვედფინალში კი უნგრელ ოტო ლოსონჩისთან 4:7 დამარცხდა.
ნახევარფინალები თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება, 20:00 საათიდან კი მედალოსნები საწყის ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდება და ჩემპიონობისთვის ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) იბრძოლებენ. წურწუმია ფინალში რუს ვიტალი კაბალოევს დაეჭიდება, პატარიძე კი – თურქ ოსმან ილდირიმს.
სამწუხაროდ, მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა ბაკურ გოგოლმა (77 კგ.), რომელიც რეპეშაჟში რუს ისმაილ საიდხასანოვთან 1:6 დამარცხდა.

0.131674